GE

შესაძლებელია თუ არა სტუდენტობა რეპეტიტორების გარეშე – ახალგაზრდების გამოცდილება იმერეთიდან და ფსიქოლოგის რჩევები

უმაღლესში სწავლის გაგრძელების მიზნით, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ყოველწლიურად ათასობით აბიტურიენტი და მაგისტრობის მსურველი რეგისტრირდება. ისინი სასურველი პროფესიების ჩამონათვალს ადგენენ და გამოცდებისთვის მზადებას ყველაზე ცოტა 1 წლით ადრე მაინც იწყებენ, ძირითადად რეპეტიტორების დახმარებით. კონსპექტები და უძილო ღამეები გამოცდებამდე გამოცდებზე გამსვლელთა ცხოვრების წესად იქცევა. EDU.ARIS.GE-მ იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გამოცდილებით დაინტერესდა. ჩვენ მომავალ სტუდენტებსა და მაგისტრებს ვკითხეთ შესაძლებელია თუ არა გამოცდების ჩაბარება რეპეტიტორების დახმარების გარეშე და რა უნდა გაითვალისწინონ მათ სტრესის შესამცირებლად.

ტატო ხურციძე ქუთაისში ცხოვრობს. წელს საბაკალავრო პროგრამას ამთავრებს. აბიტურიენტობის რთული და დამღლელი გზა 4 წლის წინ გაიარა და ახლა საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ემზადება. მისაღები გამოცდებისგან განსხვავებით, ამჯერად მომზადება დამოუკიდებლად გადაწყვიტა. საგამოცდო პროგრამა, საჭირო სახელმძღვანელოები მოიძია. ამბობს, რომ მისაღები გამოცდებისგან განსხვავებით, ახლა ნაკლებად ღელავს და უფრო თავდაჯერებულია. ამას იმით ხსნის, რომ ახლა გამოცდებისთვის ნაკლები თვალი აკვირდება ვიდრე აბიტურიენტობისას და გამოცდილების დაგროვებაც შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის თავადაც მასწავლებლებთან ემზადებოდა, ფიქრობს, რომ გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტს დამოუკიდებლადაც შეუძლია.

„თუ პროგრამას გადავხედავთ, მისი დაძლევა აბიტურიენტს დამოუკიდებლად შეუძლია. ამისთვის მთავარი მონდომებაა, მაგრამ როცა სკოლას ამთავრებ, ნაკლები გამოცდილება გაქვს გამოცდების. ახალ სკოლადამთავრებულს გარკვეული შიში აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ნაკლები თავდაჯერებულობა. ეს მასიურად იწვევს რეპეტიტორისკენ სწრაფვას. მეც ასე ვიყავი და კარგად მესმის აბიტურიენტების მღელვარების. თან, სიზარმაცე ხომ ყველა ჩვენგანშია მეტ-ნაკლები დოზით. სკოლაშიც ყველას გვიზარმაცია, მერე გვინდა ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლა და ვცდილობთ, გაკვეთილზე გამოტოვებულ მასალას და ჩვენს სიზარმაცეს დამატებითი მეცადინეობით ვუშველოთ. სკოლის პერიოდში ამას ემატება ყველას ყურადღება წინასაგამოცდო პერიოდში. „შენი შვილი სად აბარებს“ – ყველა ეკითხება მშობლებს. „რომელ უნივერსიტეტში აბარებ?“, „სად აბარებ?“, „ფასიანზე რომ მოხვდე, რას აპირებ?“ – ეს ერთი შეხედვით უწყინარი კითხვებია, მაგრამ იმდენად ხშირად იციან კითხვა, რომ მოსაბეზრებელია. ზოგს შეიძლება არც უნდოდეს აუცილებლად უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ან იმ პროფესიაზე ჩაბარება, რასაც ,,კეთილი“ ხალხი ურჩევს. მოკლედ, აბიტურიენტებს, გარდა გამოცდებისა, ბევრი სხვა სტრესის გადატანა უწევთ“,- გვეუბნება ტატო და სამაგისტრო გამოცდებისთვის მშვიდად ემზადება, დამოუკიდებლად მოძიებული სახელმძღვანელოებითა და გასული წლების საგამოცდო ტესტებით.

ელენე გამეზარდაშვილი ჭიათურიდან არის. მან საერთო სამაგისტრო გამოცდები დამოუკიდებლად ჩააბარა. ტატოს მსგავსად, ისიც ამბობს, რომ ამ საგამოცდო პერიოდს, ეროვნულებისგან განსხვავებით, მშვიდად შეხვდა.

„მაგისტრატურის გამოცდებზე ისე მოხდა, რომ მივედი, ვნახე და ჩავაბარე. დიდად არ ვნერვიულობდი, რეგისტრაციის ფულის გარდა, დამატებით ფული მეცადინეობებში არ გადამიხდია და მოკლედ დასაკარგი არაფერი მქონდა. ეროვნული გამოცდები კიდევ სხვაა – უფრო ბევრი თვალი გვაკვირდება და სკოლის მერე ხომ უმაღლესში აუცილებლად უნდა მოხვდნენ. მეც მინდოდა, მესწავლა და კი, ვემზადებოდი, რადგან ვთვლიდი, რომ დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი. უნდა ითქვას, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, დამატებით იაროს მასწავლებელთან და თუ ფიქრობს, რომ რაიმე დახმარება სჭირდება და ამას ვერ აკეთებს, ამ დროს ბავშვი კიდევ უფრო იძაბება, თან შეიძლება უთხრან, რომ მომზადების გარეშე ვერ ჩააბარებს“, – ამბობს ელენე.

თუ რა გავლენას ახდენს საგამოცდო პერიოდში სტრესი დასწავლის უნარზე და როგორ შეიძლება მისი დაძლევა, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE– ს განათლების ფსიქოლოგი, მარიამ რევიშვილი ესაუბრა. სპეციალისტი ამბობს, რომ სტრესი დიდ გავლენას ახდენს ინდივიდის დასწავლის უნარზე, მაღალი შფოთვა, ნერვიულობა, წუხილი და ა.შ. ხელს უშლის შემსწავლელს დაიმახსოვროს, გაიაზროს და აღიდგინოს შესასწავლი მასალა.

„სტრესი გავლენას ახდენს სწავლისთვის აუცილებელი ისეთი კოგნიტიური უნარების ფუნქციონირებაზე როგორებიცაა ყურადღების კონცენტრაცია, მეხსიერება, დაგეგმვა, ანალიზი, შემუშავება და ა. შ. ნეგატიური ემოციური ფონის პირობებში, შემსწავლელს უჭირს ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება, უჭირს დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მიმართებები სასწავლო მასალიდან, და, რაც მნიშვნელოვანია, აღიდგინოს უკვე დამახსოვრებული/ნასწავლი მასალა. შფოთვა ფიზიკური სიმპტომების სახითაც შეიძლება იყოს გამოვლენილი – მოსწავლეს ნერვიულობის ფონზე აუწიოს სიცხემ, დაეწყოს თავის ტკივილი, გულის ცემის აჩქარება, მუცლის ტკივილი, ხელის გულების ოფლიანობა, კანკალი, პირღებინება და ა. შ.“, – აცხადებს სპეციალისტი.

წინასაგამოცდო პერიოდთან დაკავშირებით ერთი მითი არსებობს, რომ აბიტურიენტმა მუდმივად უნდა იმეცადინოს. არადა, წინასაგამოცდო პერიოდში, მეცადინეობასთან ერთად, დასვენება და გართობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამას განათლების ფსიქოლოგიც გვიდასტურებს.

„მნიშვნელოვანია წინა საგამოცდო პერიოდში აბიტურიენტმა ყურადღება მიაქციოს ძილის რეჟიმს, კვებას, ფიზიკურ ვარჯიშს. ერთის მხრივ, კარგად გამოძინებული მოსწავლე უფრო უკეთ უმკლავდება სტრესს, ხოლო მეორეს მხრივ, საკმარისი ძილი ხელს უწყობს მეხსიერების ფუნქციონირებას და აადვილებს უკვე დამახსოვრებული ინფორმაციის აღდგენას/გახსენებას. ასევე, გამოცდის წინ აუცილებელია, მოსწავლე ნაჭამი იყოს, შიმშილი დამატებით სტრესორს წარმოადგენს ორგანიზმისთვის და აუარესებს კონცენტრაციის უნარს და ზრდის გაღიზიანებას“, – განმარტავს განათლების ფსიქოლოგი.

EDU.ARIS.GE-მ სპეციალისტს კონკრეტული რეკომენდაციების გაზიარებაც სთხოვა მათ შორის აბიტურიენტების მშობლების, ახლობლებისა და სხვა გულშემატკივრებისთვის, რადგან, ზოგ შემთხვევაში, ისინი აბიტურიენტების წახალისების მიზნით, მათი ბეჯითი მეცადინეობისთვის არასასურველ მეთოდებს იყენებენ. მაგალითად, ხშირად მოგვისმენია ფრაზები – „მაღალ ქულებს თუ ვერ მიიღებ, სწავლის ფულს ვერ გადაგიხდით“, „ფულს ტყუილად გვაყრევინებ“, „დიდი ხანია გამზადებთ და დაბალი ქულები არ შეგეფერება“, „დაფინანსებას თუ ვერ მოიპოვებ, სწავლას ვერ გააგრძელებ“ და ა. შ.

EDU.ARIS.GE გამოცდების წარმატებით ჩაბარებას გისურვებთ და გთავაზობთ ძირითად რჩევებს ჩვენი რესპონდენტი განათლების ფსიქოლოგისგან, რაც წინასაგამოცდო პერიოდში და გამოცდებზე აუცილებლად გამოგადგებათ:

  • იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უშუალოდ გამოცდის დღეს ერთბაშად დამტყდარი ნერვიულობა, მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, მოსამზადებელი მასალაზე რეგულარული მუშაობა, საკუთარი პროგრესის მუდმივი მონიტორინგი, რაც გულისხმობს უკვე ნასწავლ მასალაზე მიბრუნებასაც და იმის შეფასებას, თუ რამდენად კარგად დაგვამახსოვრდა მნიშვნელოვანი საკითხები და ა. შ. ეფექტური მეთოდებია სხვადასხვა თემატური რუკების, კონცეპტუალური რუკების, დიაგრამების, დასამახსოვრებელი სიტყვების სიების, მოკლე კონსპექტების, მიმართულების მიმცემი შეკითხვების, სქემების და სხვა ვიზუალური დამხმარე საშუალებების გამოყენება და შემუშავება, რომელიც ხელს უწყობს უკეთ დავიმახსოვროთ დიდი მოცულობის ან/და კომპლექსური საკითხებით სავსე სასწავლო მასალა.
  • მნიშვნელოვანია მშობლები/მეურვეები თუ ოჯახის სხვა წევრები აცნობიერებდნენ, რომ მათ დიდი პოტენციალი აქვთ ერთგვარი დამცავის/ბუფერის როლი შეასრულონ აბიტურიენტისთვის და დაეხმარონ საგამოცდო სტრესთან გამკლავებაში. ოჯახის გამოცდილმა წევრებმა ასევე, შესაძლოა შესთავაზონ აბიტურიენტს სტრესის დაძლევის ეფექტური სტრატეგიები, ის მეთოდები რომლებიც თავის დროზე მათ დაეხმარათ სტრესთან გასამკლავებლად, მოახდინონ მოდელირება იმისა, თუ როგორ შეიძლება აბიტურიენტი მიმდინარე სტრესს დროულად და თანმიმდევრულად გაუმკლავდეს.
  • მნიშვნელოვანი მომენტია სწავლასა და დასვენებას შორის ბალანსის პოვნა, რომელშიც მშობლებმა/ მეურვეებმა თუ ოჯახის სხვა წევრებმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწავლასთან ერთად, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს თავისუფალი დრო დასვენებისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობებისთვის და ა. შ.
  • მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა შეძლოს პერიოდულად სასწავლო სიტუაციიდან გასვლა, რომ, დამშვიდდეს, მოახდინოს საკუთარი ძალებისა და ენერგიის აღდგენა და შემდეგ განახლებული ძალებით განაგრძოს მომზადება მოსალოდნელი გამოცდისთვის.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური