GE

შეუძლია თუ არა სკოლის მოსწავლის მშობელს, რომ შვილს გაკვეთილებზე დაესწროს – პროცედურა

„საჯარო სკოლაში საგაკვეთილო საათების დროს სკოლის შენობაში შესვლა დაშვებული არ არის, შემიძლია თუ არა როგორც მშობელი დავესწრო შვილის გაკვეთილებს და რა არის ამისთვის საჭირო?“, – ასეთი კითხვით EDU.ARIS.GE-ს არაერთმა მშობელმა და მასწავლებელმა მიმართა.

როგორც აღმოჩნდა, მშობლის ან მეურვის გაკვეთილებზე დასწრების საკითხი ცენტრალიზებულად რეგულირებული არ არის, თუმცა აკრძალვა არ არსებობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ მშობელს აქვს უფლება მოითხოვოს გაკვეთილზე დასწრება.

„ეს სკოლის შინა განაწესით უნდა იყოს გაწერილი და რეგულირებული, რადგან არ არის ეროვნული სასწავლო გეგმით, ანუ ცენტრალიზებულად გაწერილი საკითხი. ისიც შეიძლება, რომ შინაგანაწესით არ იყოს დაშვებული ამ ფორმით გაკვეთილზე დასწრება და მშობელთან ურთიერთობა სხვა ფორმით იყოს გაწერილი: მაგალითად, მშობლის დღე, მშობელთა კრება, პერსონალური ურთიერთობა მშობელთან, როგორც პირადი, ასევე ონლაინ და ა.შ. დასწრება უფრო სკოლის ადმინისტრაციასთან პირადი შეთანხმებისა და მოლაპარაკების საგანია, ის ძალით ვერ შეიჭრება გაკვეთილზე. ნებისმიერი კლასის შემთხვევაში ერთნაირად, შეთანხმების გზით ხდება, განცხადების დაწერა, ან რაიმე ფორმალობა საჭიროებას არ წარმოადგენს“, – განმარტეს სამინისტროში.

ასეთი სურვილით სკოლის ადმინისტრაციას უმეტესად ქცევამოშლილი ბავშვების მშობლები მიმართავენ, როგორც ერთ–ერთი სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ერთ–ერთი მშობელი პირადად მის გაკვეთილსაც დაესწრო.

„დასწრება ხდება და ამას მშობელი ითხოვს, აინტერესებს ნახოს, როგორ იქცევა მისი შვილი გაკვეთილზე. ეს არის მშობლის ჩართულობის მაგალითი. თუ სურვილი აქვს მას, ნახოს რა მეთოდებით ასწავლის ესა თუ ის მასწავლებელი და ეს შეიძლება ეს შემდეგ გამოადგეს სახლში, ამის პრობლემა არ არის და თხოვნის საფუძველზე ის ესწრება გაკვეთილებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია მასწავლებელიც. ასევე, სსსმ მოსწავლეების შემთხვევაში, ასეთ კლასებშიც, როცა მოსწავლიდან გამომდინარე არის საჭიროება, მშობლები ჩვეულებრივად სხედან გაკვეთილებზე. გაკვეთილი უნდა ტარდებოდეს და არ უნდა გეშინოდეს, რომ იქ მშობელი დასვა. თუ გაკვეთილი ტარდება და პროცესი ისე მიმდინარეობს, როგორც კანონს შეესაბამება, პრობლემაც არ არის. შესაძლოა, რომ მოუმზადებელ მასწავლებელს არ ჰქონდეს დასწრების სურვილი, თუმცა სხვა შემთხვევაში, მშობლის, მშობლების დასწრება სრულიად ნორმალურია. რაც შეეხება მასწავლებლის ინფორმირებას ეს აუცილებელია, როდესაც მე, როგორც დირექტორი გადავწყვეტ მის გაკვეთილზე დასწრებას, პედაგოგს ვუთანხმდები“, – უთხრა EDU.ARIS.GE–ს საჯარო სკოლის დირექტორმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური