GE

შეხვედრა მედიის გარეშე – თქვა თუ არა განათლების მინისტრმა რაიმე ახალი „საამაყო პროგრამის“ შესახებ?

„ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. შუალედური შედეგები ან მისი მიმდინარეობა მხოლოდ პერსონების მიერ ფასდება და ძირითადი კონტექსტი საქებარია. „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის შემდეგ უწყებაში საამაყოდ მიიჩნიეს, ჯერ დოკუმენტურად დასაბუთებულ შედეგებს ვერ დებს და არც ის ვიცით, როდის უნდა ველოდოთ. ამ ფონზე მინისტრმა მედიისთვის დახურული შეხვედრა იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან გამართა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან საზოგადოება ვერ იგებს როგორია პროგრამის მიმდინარეობა, რა დაბრკოლებებს აწყდებიან მასწავლებლები, ან რა თხოვნები აქვთ მათ ამ მიმართულებით სამინისტროსთან. შესაბამისად გაუგებარია, რას ემსახურება ასეთი ინფორმაციის გავრცელება, როცა არც მედია და არც საზოგადობა აქტივობის შესახებ ახალს არაფერს იგებს.

მასწავლებლებო და ამ შეხვედრის მონაწილენო, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია კომენტარების სახით – რა თქვა ახალი მინისტრმა ამ პროგრამის შესახებ?

სამინისტროს რელიზი შეხვედრის შესახებ:

„საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ  გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს  საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული,  კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური