GE

შიდა ქართლის სკოლებში დამლაგებლების საშუალო ანაზღაურება 200 ლარია

შიდა ქართლის სკოლებში დამლაგებლების საშუალო ხელფასი 200 ლარია. ამის შესახებ მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელები საუბრობენ.

„ჩვენთან 32 სკოლაა, 700-მდე მასწავლებელი და 8 000-მდე მოსწავლეა. სკოლების ვაუჩერული დაფინანსება ანუ ბიუჯეტის ოდენობა დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. დამლაგებლების და დარაჯის ხელფასს სკოლის დირექტორები ერთპიროვნულად ადგენენ. სკოლის დირექტორები საშტატო ნუსხას განათლების სამინისტროს უგზავნის, უწყება კი მას ამტკიცებს. უნდა ითქვას რომ მიმდინარეობს ახალი საშტატო ნუსხების შეთანხმება სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც დამლაგებლებს და დარაჯებს ხელფასი გაეზრდებათ. რაც შეეხება პედაგოგების საშუალო ხელფასს დანამატების გარეშე თანხის სახელფასო სარგო საშუალოდ 600 ლარია, ხოლო დანამატებით 900 ლარი ,“- აცხადებს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტირს ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

დაახლოებით იგივეა დამლაგებლებისა და დარაჯების საშუალო ხელფასი ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც.

„180-დან 200 ლარამდე მერყეობს მათი ყოველთვიური ანაზღაურება,“- ამბობს ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე.

გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლა და 19 000-მდე მოსწავლეა. სკოლის დამლაგებლების საშუალო ხელფასი აქაც იგივე, 200 ლარია.

„სხვა სკოლების მსგავსად გორის სკოლებში მომუშავე დამლაგებლების ხელფასიც საშუალოდ 200 ლარია, რაც შეეხება მასწავლებლების საშაულო ხელფასს დანამატების გარეშე თვეში საშუალოდ 548 ლარს იღებენ,“- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

განათლების სამინისტრომ შემოდგომაზე სკოლების ადმინისტრაციის სახელფასო მატება დააანონსა, თუმცა რესურსცენტრების ხელმძღვანელების ინფორმაციით, უწყება ახლა მუშაობს იმისთვის, რომ სკოლის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებსაც გაეზარდოთ ხელფასები, მათ შორის დამლაგებლებს და დარაჯებს.

წყარო: qartli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური