GE

შიშები, წნევები, შუქები, კენჭისყრები?

ლელა ტეფნაძე

ამ ბოლო დროს გავრცელებული ფორმები : „შიშები დამჩემდა“, „წნევები მაწუხებს“, „შუქები გამორთეს“ და მისთანანი ენობრივი დარღვევაა!!!!!

საუბრის დროს იყენებენ რა ამგვარ ფორმებს, სურთ, ხაზი გაუსვან ამ მოვლენების (შიშს, წნევის, შუქის ჩართვა–გამორთვის…) მრავალგზისობას. ( ბევრჯერ ხდება და ხშირად მეორედება ეს მოვლენები, ამიტომ იყენებენ მრავლობითი ფორმით ჩამოთვლილ სიტყვებს).

შიში, წნევა, შუქი… – აბსტრაქტული და მოქმედების აღმნიშვნელი სახელებია და მათ მრავლობითი არ ეწარმოებათ.

ამ ფორმების მრავლობით რიცხვში გამოყენებამ გზა გაუხსნა ანალოგიური წარმოების ზოგიერთი სხვა სიტყვის მრავლობით ფორმაში გამოყენებასაც. მაგალითად, „მუსიკები ჩართე!“ ,  „პრაქტიკები მაქვს ამ კვირაში“, „კენჭისყრები გადაიდო“  – ეს შეცდომაა!!!

თუ გვსურს ამა თუ იმ მოვლენის მრავალჯერადობა და სიხშირე გამოვკვეთოთ, შეგვიძლია, გამოვიყენოთ სიტყვები: ამ ბოლო დროს , ხშირად…

მაგალითად:

ამ ბოლო დროს ბებიას წნევა აწუხებს.

ვატყობ, რომ შიში დამჩემდა. (ან შიში მაწუხებს).

ხშირად თიშავენ შუქს.

ისევ გადადეს კენჭისყრა.

ჩამოთვლილი გამოთქმებიც შეიცავენ სწორედ იმ ნიუანსს (მრავალჯერადობის, სიხშირის, რეგულარობის), რომლის გამოც დამკვიდრდა ეს მცდარი ფორმები ქართულში.

არსებობს გამონაკლისი, რომლის დროსაც აბსტრაქტული და მოქმედების აღმნიშვნელი სახელების გამოყენება მრავლობით რიცხვში არ არის შეცდომა. ეს არის ჩივილი და ჩივილები.

„რა ჩივილები გაწუხებთ?“ – ამ კითხვას ექიმები სვამენ ხშირად.

ჩივილები აქ ტერმინოლოგიური ფუნქციით გამოყენებული ფორმაა და  ამიტომ შეცდომად არ ითვლება.

გრამატიკული ცნობარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური