GE

შოტლანდიის მთავრობის რეკომენდაციები სკოლებს ტრანსგენდერ მოსწავლეებთან ურთიერთობისათვის

შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე 2021 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით ,,ტრანსგენდერი მოსწავლეების მხარდაჭერა სკოლებში: სახელმძღვანელო შოტლანდიის სკოლებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ტრანსგენდერი მოსწავლეების გაძლიერებას და მათთვის არადისკრიმინაციული და ჯანსაღი გარემო შექმნას სწავლების პროცესში.

როგორც სახელმძღვანელოს შესავალ ნაწილშია აღნიშნული, მისი ამოცანაა შოტლანდიის საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სკოლების თანამშრომლების დახმარება, რათა მათ თავად უზრუნველყონ ტრანსგენდერი მოსწავლეები საუკეთესო საგანმანათლებლო გამოცდილებით. დოკუმენტი შემუშავებულია ტრანსგენდერი ახალგაზრდების მხარდაჭერით და ეფუძნება ტრანსგენდერი ახალგაზრდების გამოცდილებას, სკოლის პერსონალის შემოთავაზებულ მიდგომებსა და განათლებისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე პროფესიონალების რჩევებს. დოკუმენტი არ არის სავალდებულო. იგი შედგება სამოცდაათი გვერდისგან და აქვს მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.

დოკუმენტში მოცემული კვლევის თანახმად, ტრანსგენდერი ახალგაზრდების 82%-ს სკოლაში გამოუცდია ბულინგი, ხოლო ტრანსგენდერი ახალგაზრდების 27%-მა შეწყვიტა განათლება სკოლაში არსებული ჰომოფობიის, ბიფობიისა თუ ტრანსფობიის ნიადაგზე.

დოკუმენტში დეტალურადაა განხილული, თუ რა ვითარებაში, როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, რომ ტრანსგენდერი მოსწავლისთვის სწავლების პროცესი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და მისაღები. სახელმძღვანელოში საუბარია, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია საკუთარი იდენტობის საჯაროდ გამოხატვა (,,ქამინგ აუთის გაკეთება“) და მათ ნებისმიერ ასაკში უნდა მიიღონ მხარდაჭერა იმ გარემოცვისგან, რომელშიც იმყოფებიან. მათ შორის, სკოლაშიც.

სახელმძღვანელოს რეკომენდაციით, თუკი მოსწავლე მასწავლებელს აცნობებს საკუთარი იდენტობის შესახებ:

  • მასწავლებელმა ბავშვს მადლობა უნდა გადაუხადოს ნდობისთვის;
  • მოუსმინოს და ჰკითხოს, ხომ არ სჭირდება რამეში დახმარება;
  • დააზუსტოს, რა სახელით სურს მოსწავლეს, რომ მიმართონ;
  • მასწავლებელმა არავის უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია მოსწავლის თანხმობის გარეშე. მათ შორის, არც მშობელს.

რეკომენდაციებში ასევე საუბარია, რომ შოტლანდიაში არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, კაცების ტუალეტით მხოლოდ კაცებმა უნდა ისარგებლონ, ქალის ტუალეტით კი მხოლოდ ქალებმა. შესაბამისად, ტრანსგენდერ მოსწავლეებს შეუძლიათ იმ ტუალეტით სარგებლობა, სადაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. შეძლებისდაგვარად, სკოლას შეუძლია გენდერულად ნეიტრალური ტუალეტების და გასახდელი ოთახების მოწყობა.

სკოლებში, სადაც აუცილებელია ფორმის ტარება, რეკომენდებულია, სკოლამ შემოიღოს გენდერულად ნეიტრალური ფორმები; სასკოლო წვეულებებზე წინასწარ არ უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ ვისთან იცეკვებს (იგულისხმება, გოგოსა და ბიჭის წყვილების წინასწარ შერჩევა); თუ ფიზკულტურის გაკვეთილზე მოსწავლეებს გოგოებისა და ბიჭების გუნდებად ყოფენ, ტრანსგენდერ მოსწავლეებს, კარგია, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, რომელ გუნდში ითამაშონ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მასწავლებლები ჩართული უნდა იყვნენ სხვა მოსწავლეთა დამოკიდებულებების შესწავლის პროცესშიც. თუკი მასწავლებელი შენიშნავს, რომ მის რომელიმე მოსწავლეს აქვს აგრესიული დამოკიდებულება ტრანსგენდერი კლასელის მიმართ, მასწავლებელი უნდა ესაუბროს მას, ჰკითხოს მიზეზი და მიაწოდოს ადეკვატური ინფორმაცია.

დოკუმენტში რამდენიმე ქვეთავი ეძღვნება ამ პროცესში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობას. გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ (UNCRC) ხაზს უსვამს მშობლებისა და აღმზრდელების ცენტრალურ როლს ახალგაზრდების ცხოვრებაში. კვლევების მიხედვით, იმ ახალგაზრდებს, რომელთა ნებისმიერ გადაწყვეტილებას მშობლები მხარს უჭერენ, ნაკლებად აღენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის, თვითშეფასებისა და რეალიზების პრობლემები. მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სკოლას როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან კომუნიკაციით. შოტლანდიის სკოლების (მშობელთა ჩართულობა) 2006 წლის კანონი უზრუნველყოფს სკოლის ცხოვრებაში მშობლებისა და აღმზრდელების ჩართულობის სამართლებრივ ჩარჩოს. კანონი ეხება მშობლების მონაწილეობის მნიშვნელობას სასკოლო ცხოვრების ყველა ნაწილში. კვლევები აჩვენებს, რომ როცა ორივე რგოლი – ოჯახი და სკოლა – ეფექტურადაა ჩართული ახალგაზრდების განათლების პროცესში, მათი შედეგებიც გაცილებით უკეთესია.

როგორც დოკუმენტში არაერთხელაა ნახსენები, მისი მიზნობრივი ჯგუფი არის არა მხოლოდ ტრანსგენდერი მოსწავლეები, არამედ ყველა მოსწავლე, განურჩევლად მათი იდენტობისა და გენდერისა. სახელმძღვანელოს მიზანია, შექმნას ჯანსაღი გარემო ყველა მოსწავლისთვის.

აღნიშნულმა დოკუმენტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია დიდ ბრიტანეთში. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ცნობილი ინგლისური გაზეთის, ,,დეილი მეილის“ ერთ-ერთი ნომერი გამოვიდა სათაურით: ,,შოტლანდია ოთხი წლის ბავშვებს უფლებას აძლევს შეიცვალონ სქესი მშობლების ნებართვის გარეშე, მასწავლებლებს კი ეუბნება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ბავშვის თხოვნა, აირჩიოს ახალი სახელი ან გამოიყენოს სხვა ტუალეტი“. ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ერთ-ერთი ფემინისტური ჯგუფი ,,For Scotland” და შოტლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც საშინელი იდეოლოგიის წახალისება.

თუმცა, არსებული კრიტიკის პარალელურად, ლგბტქ თემის ბევრი წარმომადგენელი მხარს უჭერს შოტლანდიის მთავრობის ინიციატივას, როგორც ტრანსგენდერი ადამიანების განათლების პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯს.

კრიტიკას შოტლანდიის მთავრობის მდივანი განათლებისა და პროფესიული მომზადების საკითხებში (შოტლანდიის „განათლების მინისტრი“- ავტ.) შირლი-ენ სომერვილი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა: ,,ამ სახელმძღვანელოში აღწერილია, როგორ შეიძლება დაუჭიროს მხარი სკოლამ ტრანსგენდერ ახალგაზრდებს და უზრუნველყონ, რომ ყველა მოსწავლის უფლებები, სრულად იყოს დაცული”.

2019 წლის მონაცემებით, შოტლანდიის საჯარო სკოლებში დაახლოებით 698 000 მოსწავლე ჩაირიცხა. როგორც ცნობილია, მათგან მინიმუმ ორასმა მოსწავლემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია.

მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm