GE

შსს მშობლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი ფოტოსა და ვიდეოს გავრცელებისგან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის და სწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით.

„მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში, ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას”, – აცხადებენ შსს-ში.

ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეისკონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ, როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულს სჭირდება გრძელვადიანი მულტიდისციპლინური მუშაობა, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი