GE

„სიახლის ილუზია“ თუ სამინისტროს მიერ რეალური ცვლილებებით დაწყებული 2022-2023 სასწავლო წელი – სიმონ ჯანაშიას ანალიზი

„სიახლის ილუზია“ – ასე აფასებს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში იმ სიახლეთა ჩამონათვალს, რომლითაც განათლების სამინისტროს მტკიცებით, 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო.

როგოც სიმონ ჯანაშია აცხადებს, განათლების სამინისტროს მიერ სწავლის დაწყებამდე, 12 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში სიახლედ წოდებული პუნქტები სინამდვილეში სახელმწიფოს მხრიდან ისედაც წლებია კეთდება და სისტემა სიახლის ილუზიის შექმნას ცდილობს ისეთი ინფორმაციებით, როგორიცაა მაგალითად სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც სინამდვილეში სიახლე არ არის. ასევე, საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელ საგნად ჩამოყალიბება, რომელის საქართველოში ყოველთვის ისწავლებოდა და საგნის სახელის შეცვლის გამო სიახლედ ვერ ჩაითვლება.

მკვლევარი სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. „სიახლე იქნებოდა რომ გაგვეგო სახელმძღვანელოები განახლდა ან ახალი მეთოდით დაიწერა“, – ამბობს განათლების მკვლევარი.

სპეციალისტი ფიქრობს, რომ გარკვეული მიდგომები სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მათი დანერგვა განათლების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.

„ძალიან მარტივია ჭადრაკის დანერგვა სკოლებში თუ ჭადრაკის მასწავლებელი გყავს, მაგრამ სხვა საკითხია ამ სწავლებით მიაღწევ თუ არა ხარისხს. მნიშვნელოვანია, მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით სწავლება, თუმცა მათემატიკურ სკოლებსა და იმ სკოლებში, სადაც მათემატიკა გაძლიერებულად არ ისწავლება, ერთ შედეგს არ უნდა ველოდოთ. „სამხედრო საქმე“ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს მომავალში შესაძლოა გამოადგეს, მაგრამ ეს საყოველთაო პრობლემა არ არის. ვიცით, რომ სკოლებს ემატებათ მანდატურები, მაგრამ არ ვიცით რა ხდება საგანმანათლებო დაწესებულებებში უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს მატება საჭიროებიდან გამომდინარეა გამოწვეული თუ უბრალოდ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ინტერესია ამ პუნქტში ჩადებული. მთლიანობაში, ეს ჩამონათვალი ნიშნავს რომ იდეების ნაკლებობაა. მცირეა სიახლეები რომელიც რეალურად დაეხმარებოდა სკოლებს იმ პრობლემების გადაჭრაში რაც აქვთ“, – თქვა სიმონ ჯანაშიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

განათლების სპეციალისტს ვკითხეთ, რა ღონისძიებები უნდა დაგეგმილიყო სკოლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, მთავარი პრობლემა სისტემის მართვაშია და პრობლემის მოგვარება სწორედ ამ საკითხიდან უნდა დაიწყოს – „სამინისტრომ გადაწყვეტილებები პოპულიზმით აღარ უნდა მიიღოს და პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს“. სკოლებზე კი რესურსი და ძალისხმევა საჭიროებების მიხედვით უნდა გადანაწილდეს და არა ყველგან ერთნაირად.

„ელემენტარულ კომპეტენციას ვერ ივითარებენ ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რასაც ჭადრაკი, რაგბი ან სხვა სიახლეები ვერ უშველის. სოციალური პრობლემების მქონე ბავშვებს განსაკუთებით უჭირთ ხარისხიანი განათლების მიღება. მათ სკოლის გარეშე შესაძლებლობები ნაკლები აქვთ, ვიდრე სხვა ბავშვებს. ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შესაძლოა, დანერგილიყო გახანგრძლივებული სწავლება, საზაფხულო სკოლები. ასევე, ონლაინ მხარდაჭერის სისტემები. ბევრი რამის მოფიქრება და არსებულის ადაპტირებაც შეიძლება საქართველოს რეალობაში“, – გვითხრა განათლების მკვლევარმა.

სიმონ ჯანაშია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ახლო მომავალში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ ელის და ამბობს, რომ სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას დრო სჭირდება, რადგან ეს არ არის მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები. თუმცა, როგორც ჯანაშია აღნიშნავს, „ისიც არ ვიცით, რამდენიმე წელიწადში ხარვეზების ნაწილი მაინც თუ გამოსწორდება“.

ახალი არ არის, რომ განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა, რაც მომავალი თაობების განათლების ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება. ჩვენი განათლების სისტემა ნელა ვითარდება, პანდემიამ კი ეს პროცესი უფრო მეტად შეაფერხა, სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი სიტყვა არ არის ნახსენები, როგორ შეიძლება დისტანციური სწავლების გამო პროგრამას ჩამორჩენილი ბავშვები განვითარების ტემპს დაუბრუნდნენ.

ასევე იხილეთ:

რატომ არ აქვს რეალურად მშობელს უფლება, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს? – „საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ“

მოამზადა ქეთევან რაზმაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური