GE

„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში შშმ ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია“

სახალხო დამცველის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში შშმ ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია. ამ საკითხებზე ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ უსინათლო პირთათვის განათლების მისაწვდომობის საკითხებზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე ისაუბრა.

„ბევრი მოუგვარებელი პრობლემა და საკითხია, პრობლემებია ყველა საფეხურზე დაწყებული საწყის საგანმანათლებლო ეტაპზე, დასრულებული უმაღლესი განათლებით. სამწუხაროდ ინკლუზიურ განათლებას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ლიტერატურა არ არის საკმაოდ შეზღუდული, რაც პრობლემებს უქმნის უსინათლო პირებს რომ გააგრძელონ განათლება როგორც პროფესიულ, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 161 931 ბავშვი იყო რეგისტრირებული. მათ შორის საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით, მხოლოდ 805 შშმ აღსაზრდელი ირიცხებოდა.

„რაც შეხება საჯარო სკოლებს, 2018-2019 სასწავლო წელს რეგისტრირებული იყო 524 000 მოსწავლე და მოსწავლეთა მართვის ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში სკოლების მიერ მხოლოდ 750 შშმ მოსწავლე იყო მონიშნული, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,14%-ია“-აცხადებენ ომბუდსმენის ოფისში.

ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ჩატარდა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, სადაც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, სკოლის დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ინკლუზიური განათლების პრობლემებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლისთვის სკოლებში დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, მათ შორის როგორიცაა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებისთვის არსებული დამატებითი მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა, სპეციალური მასწავლებლები სერტიფიცირება, ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა და დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა, განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური