GE

სკოლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში კი, 1-ლი მარტიდან

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.

კერძოდ, სკოლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი, 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

ამ პერიოდებიდანვეა დაგეგმილი ქალაქების მიხედვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც:

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება 1-ლი თებერვლიდან.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია 1-ლი მარტიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილებები საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, საბავშვო ბაღებიც, პროფსასწავლებლებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც დაგეგმილია, რომ გაიხსნება 1 მარტიდან.

„მოგეხსენებათ ქვეყნის 8 დიდ ქალაქში მოქმედებს შეზღუდვები, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში მდგომარეობის შემსუბუქება, გვაქვს შესაძლებლობა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის.  კონკრეტულად, დღეს საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყევტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება  მუნიციპალური ტრანსპორტი სკოლების, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისში და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.  სკოლები და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილი 1 მარტიდან“, – განაცხადა ვიცე პრემიერმა.

მისივე განცხადებით, სკოლების გახსნის პარალელურად,  სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ.

“1 -ლი მარტიდან სკოლების პარალელურად იგეგმება საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნაც”, – დასძინა ცქიტიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური