GE

„სკოლები ვალდებულნი ხდებიან თავიანთი განვითარების წლიური გეგმები თვითშეფასების შედეგებს დააფუძნონ“

„სკოლის ავტორიზაცია ერთის მხრივ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურაა, მეორე მხრივ კი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელმაც უნდა შექმნას სკოლაში ხარისხზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა“, – განმარტავს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი 23 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც სკოლებს ავტორიზაციის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას უზიარებს.

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია.

  • ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები შეეხება სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს, მისი განხორციელებისათვის საჭირო რესურსებს და მოსწავლეთა მხარდაჭერას. სტანდარტები თავისი ბუნებით ორიენტირებულია განვითარებად შედეგებზე და განსაზღვრავს ჩარჩოს სკოლის ეფექტიანი წინსვლისთვის. ავტორზაციის პროცესი ითვალისწინებს სტანდარტებთან შესაბამისობის ოთხ დონეს: სრული შესაბამისობა, მეტწილი შესაბამისობა, ნაწილობრივი შესაბამისობა, შეუსაბამობა.
  • ავტორიზაციის დებულებით განისაზღვრება თუ რომელ სტანდარტთან მიმართებით შესაბამისობის როგორი დონე უნდა აჩვენოს სკოლამ ავტორიზაციის მისაღებად. ნაწილობრივი ან მეტწილი შესაბამისობის შემთხვევაში სკოლები ვალდებულნი არიან აჩვენონ ყოველწლიური პროგრესი, ხოლო სრული შესაბამისობის შემთხვევაში დაგეგმონ მიღწევათა შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომები, რასაც ხარისხის ცენტრი მონიტორინგის გზით გაუწევს ზედამხედველობას.
  • ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მთავარი ინსტრუმენტი თვითშეფასებაა. ამისათვის ახალ სტანდარტებთან ერთად ინერგება სკოლის თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა, სკოლები ვალდებულნი ხდებიან თავიანთი განვითარების წლიური გეგმები თვითშეფასების შედეგებს დააფუძნონ. აღნიშული პლატფორმა ასევე საშუალებას იძლევა ავტორიზაციის პროცესში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართოს სასკოლო საზოგადოება: მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი.

სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი აღარ იარსებებს – ელის თუ არა საჯარო სკოლას გაუქმება, თუ ავტორიზაციას ვერ გაივლის

რეფორმების ჯგუფი განმარტავს, რომ თვითშეფასების ობიეტურობისთვის სკოლებს გარე მხარდაჭერას უწევენ ხარისხის ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ზოგადი განათლების ხარისხის სპეციალისტები.

“ახალი სტანდარტების ამოქმედებამდე ავტორიზებულ სკოლებს არ მოუწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა და ისარგებლებენ ავტორიზებული დაწესებულების სტატუსით ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. თუმცა მათ ეძლევათ გონივრული ვადა, 2024 წლის ჩათვლით, რათა შესაბამისობაში მოვიდნენ ახალი სტანდარტების მოთხოვნებთან და ამის შესახებ განახორციელონ ცენტრის ინფორმირება თვითშეფასების წარდგენის გზით. გარდამავალ პერიოდში ყველა დაწესებულება თანაბრად ისარგებლებს ცენტრის მხარდამჭერით, მათ შორის საკონსულტაციო სერვისებით”, – წერს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი.

ასევე იხილეთ:

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

„უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გაივლის“ – მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური