GE

სკოლების ინსპექტირების მოთხოვნით შესული 288 განაცხადიდან სამინისტრომ სულ 7 დააკმაყოფილა და ძირითადად ინსპექტირება საარჩევნო პერიოდში ჩაატარა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების ორ ტურს შორის პერიოდში ჩატარებული საჯარო სკოლების ინსპექტირება 2018 წელს მთლიანად ჩატრებული ინსპექტირების 85%-ს შეადგენს.

კერძოდ, საია-ს ინფორმაციით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. მნიშვნელოვანია, რომ 7 ინსპექტირების შემთხვევიდან 6, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85 პროცენტს შეადგენს.

“ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში სულ განათლების სამინისტროში 288 განცხადება შევიდა საჯარო სკოლებში ინსპექტირების ჩატარების მიზნით. მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ 7 შემთხვევაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება ინსპექტირების ჩატარების თაობაზე და ამ 7 შემთხვევიდან 6 მოხდა პირველ და მეორე ტურს შორის. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემთხვევაც ამ პერიოდს ემთხვევა. თუ შევხედავთ თვეების დინამიკაში, სხვა თვეების განმავლობაში გაცილებით მეტი განცხადება იყო შესული ინსპექტრების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ მთავარი მოვლენები განვითარდა სწორედ პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის ჩატარებამდე“, – განაცხადა საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს, 9-15 ნოემბრის პერიოდში მიიღო ინსპექტირების განხორციელების გადაწვეტილება.

როგორც საია-ში აცხადებენ, ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში განხილვა, შესაძლოა, წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს.

„შესაბამისად, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე  პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი“, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.

ზუგდიდის მე-6 სკოლის მაგალითზე ვრცელი განცხადება გააკეთა “საია”-ს ანალიტიკოსმა:

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია უშუალოდ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში შესული განცხადების განხილვის ინტენსიურობა. 8 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა განცხადება ინსპექტირების მოთხოვნის შესახებ და საღამოს უკვე არსებობდა ბრძანება. იმავე დღეს, განხილვისთვის პარალელურად არსებობდა კიდევ ორი განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც დღის ბოლოს ანალოგიურად მიღებული იყო გადაწყვეტილება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. ყველა განცხადება, რაც შეტანილ იქნა პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში, ყველა ამ განცხადების საფუძველზე ინსპექტირების ჩატარების ვადებიც განისაზღვრა სწორედ აღნიშნულ შუალედში. ნაწილ შემთხვევებში დასკვნაც კი ინპექტირების შედეგების შესახებ მომზადებულ იქნა მეორე ტურამდე პერიოდში.

“ჩვენს მიერ მოძიებული იქნა ორი სხვა სკოლის შემთხვევა, როდესაც ინსპექტირების სამსახური არ ახდენს მყისიერ რეაგირებას განცხადებებზე და ზოგადი განცხადებების არსებობის შემთხვევაში ის ითხოვს დამატებით დეტალებს, კონკრეტული დარღვევის შესახებ, დარღვევის პერიოდის შესახებ, დამრღვევი პირების შესახებ და აგრეთვე იმ შესაძლო მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნული დარღვევის არსებობას. სხვა შემთხვევბში, ეს განცხადება, რაც გახდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების საფუძველი, არ შეიცავდა არანაირ მითითებას კონკრეტული დარღვევის თაობაზე. ის არის ზოგადი ხასიათის განცხადება და ასეთ შემთხვევებში სხვა ანალოგიური საქმეების არსებობისას სამინისტრო ითხოვდა დაზუსტებას, რაც არ მომხდარა მე-6 საჯარო სკოლის შემთხვევაში. ეს არის სისტემური ხასიათის მიდგომა აღნიშნულ საკითხთან. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა არ არის გამონაკლისი, უარყოფითი გამონაკლისები არიან სხვებიც, მაგალითად 8 ნოემბერს არსებობს ორი სხვა სკოლის შემთხვევაც, როდესაც დღის ბოლოს ანალოგიურად მიღებულ იქნა ბრძანება ინსპექტირების ჩატარების თაობზე“, – განმარტა მიშა ჯახუამ.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური