GE

სკოლების საფეხურებად დაყოფა უკეთ განხორციელდება, თუკი სასკოლო ქონების მფლობელი ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება – სპეციალისტები

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო სკოლების საფეხურებად დაყოფას გეგმავს, რის შედეგადაც დაწყებითი და საშუალო-საბაზო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში უნდა იყვნენ განთავსებული.

ახალმა ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგმა მას რევოლუციამდელი უწოდა, ზოგმა კი ევროპაში გავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მოიწონა. იდეას იწონებენ განათლების სპეციალისტებიც, თუმცა მოსალოდნელ პრობლემებზეც საუბრობენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, რომელმაც აღნიშნული კონცეფციის შესახებ პირველად ისაუბრა, აღნიშნა, რომ იდეის განხორციელება დაგეგმილია ახალი სკოლების აშენების შემთხვევაში, და დაწყებით სკოლებში სკოლამდელი ჯგუფებიც იქნება ინტეგრირებული. მისივე თქმით, უკვე არსებული შენობების შემთხვევაში,  გეგმებს უნდა გადახედონ.

ახალი კონცეფციის სკოლა, უკვე შენდება თბილისში. დიღომში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე, 1300 მოსწავლეზე გათვლილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სკოლა A და B ბლოკებისგან შედგება – A ბლოკში განთავსდებიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით იქნება დაკავშირებული. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ნაგებობა წლის ბოლოსთვის მოსწავლეებს მიიღებს.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კონცეფციით სკოლების დაყოფა ძალიან კარგი იდეაა და ახალიც არ არის, რადგან ის ქართულ განათლების სისტემაში დიდი ხანია განიხილებოდა, თუმცა განხორციელება ჯერ ვერავინ შეძლო.

„კონცეფცია, რომ საფეხურების მიხედვით დაიყოს სკოლები თავისთავად ცხადია, რომ არის ძალიან კარგი, რადგან ზოგადად, ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, ბავშვებს სხვადსხვა ტიპის სასკოლო გარემო სჭირდებათ. ასევე, შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვთა უსაფრთხოება განსხვავებულად შეიძლება იყოს დაცული დაწყებით საფეხურზე და საბაზო-საშუალო საფეხურზე. ეს არის ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა, თუმცა მე ვერ წავიკითხე ვთქვათ ვადები, როგორ აპირებენ და ა.შ. გარდა ამისა, ეს ახალი იდეა არ არის, მასზე კარგა ხანია მიმდინარეობდა საუბარი, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც, მაგრამ ვერ განხორციელდა. საჭიროა ფინანსები, მასწავლებლების გადანაწილება და ა.შ. ზოგადად, განსაკუთრებით დედაქალაქში, გვაქვს შენობების და სივრცის ნაკლებობა, იმიტომ რომ 2010-11 წლებში მოხდა სკოლების ოპტიმიზაცია და სამწუხაროდ, დედაქალაქში სკოლების შენობები გაიყიდა. გვაქვს სერიოზული პრობლემა. ხვალ რომ თბილისის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, შვილები აღარ ატაროს კერძო სკოლაში, დედაქალაქში არსებულმა საჯარო სკოლებმა შეიძლება ბავშვები ვერც დაიტიოს, იმიტომ რომ შენობები გვაკლია”, – ამბობს თამარ მოსიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრომ ახალი იდეების გაჟღერების დროს, საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს და განხორციელების რამდენიმეწლიანი გეგმაც უნდა დადოს.

„ანუ, როდესაც ინიციატივა ჟღერდება სახელმწიფო უწყების მხრიდან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მონაწილეობაზე არ არის ლაპარაკი, საზოგადოებრივი მონაწილეობა სამინისტროს უწყებას ზოგადად ძალიან უცნაურად ესმის. მნიშვნელოვანია, რომ საკითხი სერიოზულად აღვიქვათ და საზოგადოებას ჩვენი აზრი გვქონდეს.  სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, უბრალოდ 5 ან 10- წლიანი პერსპექტივიდან მაინც გვაცნობონ რას აპირებენ. იღებენ თითონ გარკვეულწილად ბუნდოვან გადაწყვეტილებებს და ა.შ. ინიციატივა თავისთავად კარგია, რა წინადადებებიც მოვისმინეთ, მაგრამ ვადები ბუნდოვანია და კიდევ ის, რომ ბევრი სკოლა სჭირდება თბილისს ბევრი ახალი სკოლა“, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

სკოლების საფეხურებად დაყოფის იდეა მოსწონს, განათლების სფეროს მკვლევარ გიორგი გახელაძეს და ამბობს, რომ სწორი მენეჯმენტის საშუალებით მისი განხორციელება საქართველოს რეალობაში შესაძლებელია.

„ეს კონცეფცია ჯერჯერობით ბუნდოვანია და როგორც ჩანს, სამინისტროში თავადაც მუშაობის პროცესში არიან. ნათელი არის ის, რომ უნდათ  სკოლები საფეხურების მიხედვით იყოს ფიზიკურად განცალკავებული. ეს გასაგებია, მაგრამ როგორ გეგმავენ ამას, ეს ბუნდოვანია. სასკოლო მზაობის ჯგუფის და დაწყებითი განათლების ერთ სივრცეში მოთავსება კარგი იდეაა, გავრცელებული პრაქტიკაა კარგ საგანმანათლებლო სისტემებში და ამის გამოცდილება არსებობდა საქართველოშიც საბჭოთა კავშირამდეც და საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. მარტივად რომ ვთქვათ, სავალდებულო და არასავალდებულო განათლების ფიზიკურად გაყოფის იდეა კარგია. საბჭოთა კავშირის დროს მოხდა უნიფიცირება, როდესაც საყოველთაო გახდა ზოგადი განათლება,  იაფი  და ეკონომიური იყო ყველა მოსწავლის ერთ შენობაში მოქცევა. ჩვენ შემოგვრჩა ახლა საბჭოთა მემკვიდრეობა მაგრამ დღეს ამ კონცეფციის განხორციელება სავსებით შესაძლებელია და დაგვიანებულიც კია. ეს ახალი იდეა არ არის, ამაზე საუბარი 9 წლის წინაც იყო, მაგრამ ვერ მოხერხდა და ვერ გააკეთეს“, – აცხადებს გიორგი გახელაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

განათლების სპეციალისტი ამბობს, რომ სკოლების საფეხურებად დაყოფის იდეა უფრო მარტივად განხორციელდება თუ სასკოლო შენობებს თვითმმართველობებს გადასცემენ.

„კონცეფციის განხორციელებას დაბრკოლება შეიძლება შეხვდეს მკვიდრად დასახლებულ დიდ სოფლებში, სადაც არსებობს სკოლა, რომელიც აერთიანებს ყველა საფეხურს. მილევადი სოფლების სკოლებში უფრო იოლად და ეფექტურად  შეიძლება მისი განხორციელება და საერთოდ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უფრო გონივრულად გამოყენება და გადაწყობა. თვითმმართველობას თუ ექნება გადაცემული ეს ფუნქცია უკეთესად განახორციელებს. რაც შეეხება ქალაქებს, იქნება სირთულეები, სირთულე იქნება უფრო გონივრული დაგეგმარება, ჩვენი არსებული სამინისტროს ადამიანური რესურსების პირობებში, თორემ შეუძლებელი არ არის. ყველაზე იოლად ეს შეიძლება გაკეთეს  მცირე ზომის ქალაქებში, სადაც გვაქვს რამდენიმე მცირეკონტინგენტიანი სკოლა. ასეთი მსჯელობები იყო ქალაქ ახალციხის მაგალითზე, იქ თავისუფლად შეიძლებოდა არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურით საფეხურების გადაწყობა-გადალაგება. ახალი სკოლების აშენებისას, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ საფეხურების მიხედვით გაკეთდეს. უფრო სწრაფად და უფრო უკეთესად ეს გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუკი სასკოლო ქონების მფლობელი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა, და არა სახელმწიფო როგორც ეს ახლაა. შეიძლება იყოს ეს კონცეფცია ერთი სკოლის შენობის ფარგლებშიც, მაგრამ სივრცეები შეიძლება გაიყოს. ევროპაშიც არის დასახლებები, სადაც ერთ შენობაში არიან, მაგარმ განცალკავებულ სივრცეებში არიან, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები“,- განმარტავს გიორგი გახელაძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური