GE

სკოლებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა – პრემიერ-მინისტრის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეიდან ქვეყანის მასშტაბით პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნება მათ შორის სკოლებშიც.

„ზურა აზარაშვილი  (ჯანდაცვის მინისტრი) შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება დატოვებული მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე რომ დღეიდან, ორი მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს კოვიდის ძალიან სტაბილური სურათი და შეიძლება ითქვას, სიტუაცია ძალიან დასტაბილურდა, დღეს მხოლოდ 51 შემთხვევა გვქონდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ შევამსუბუქოთ რეგულაციები და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არამხოლოდ ბავშვები, ყველა. ჩვენ დავაკვირდებით დინამიკასაც და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მაისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დამატებით განმარტება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც: „2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიიღეს“.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოში დაუზუსტეს, ბავშვებს პირბადეები არც აქამდე ეკეთათ, ხოლო მოიხსნება თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება ბაღების პერსონალისთვის, ეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შემდეგ ეცოდინებათ.

ასევე იხილეთ:

„პანდემია არ დასრულებულა“ – რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა დისტანციური სწავლების მოთხოვნით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური