GE

„სკოლებში რომ დავბრუნდებით, იმ ადამიანებს, ვინც იღებენ გადაწყვეტილებებს უნდა მოვთხოვოთ, რომ რაღაც შეიცვალოს“

პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მსოფლიო პანდემიამ და სასწავლო პროცესის სახლებში, ონლაინ სივრცეში გადატანამ ხელი შეუწყო სკოლებში არსებული პრობლემების უფრო ნათლად წარმოჩენას, რისი მოგვარებაც მშობლებმა შესაბამისი უწყებებისგან უნდა მოითხოვონ.

„პანდემიამ სულზე მოგვისწრო, სწორად გამიგეთ, რათა დაგვენახა რაღაცები. მე ამას ვხედავ სკოლაში, როგორც მასწავლებელი. გამოვედით სკოლიდან, დავაღწიეთ თავი იმ არცთუ ისე კომფორტულ გარემოს, გამოვედით დათრგუნულები, რომ ბევრ რამეში ჩვენ იქ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. პირდაპირ ვიტყვი, მინიმუმ საგანთა ნახევარში, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენ, არათუ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ვერც კი გავიგეთ რას ვსწავლობდით. დღეს ახლა ჩვენი ეს შფოთვები გადაგვაქვს შვილებზე, ამ შვილებსაც იქით სკოლა და მასწავლებელი თრგუნავს, 12 საგანი როგორ ვერ უნდა ისწავლოო – აქეთ მშობელი. სკოლა ამობრუნდა დღეს მშობლებისთვის და მათ უნდა მიაქციონ ყურადღება რა ხდება ამ გაკვეთილებზე, რას ახვევენ თავზე ბავშვებს, 12 საათზე რომ ბავშვი დავალებას ატვირთავს, ხომ ხვდებით.. აქ უნდა დავფიქრდეთ ე.ი არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. შეუძლებელია ეს იყოს ნორმალური პროცესი, ეს მშობლებმა უნდა დავინახოთ და ამაში უნდა გამოვიყენოთ პანდემია. შემდეგ, იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით ისევ სკოლებში, მივუბრუნდეთ ამ ადამიანებს, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვუთხრათ, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს“, – აცხადებს გიორგი ჭაუჭიძე “რუსთავი2”-ის ეთერში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პედაგოგის თქმით, განათლების სისიტემაში ხელმისაწვდომობის პრობლემა, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ სწავლებისას არსებობს.

„პანდემიის პირობებში, არ მიმაჩნია, რომ სწავლა შეჩერებული გვაქვს, სკოლა დაკეტილიაო, ეს ასე არ არის. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვინმეს მოწყობილობა არ აქვს და ა.შ ასეთი ბარიერები არის მათ შორის პირისპირ სწავლების დროსაც. იგივე, პრობლემად ასახელებენ, რომ ოჯახის წვერები ოთახში შედიან ონლაინ გაკვეთილების დროს, პირიქით, მობრძანდით მშობლები და უფრო მეტად დაუკვირდით. პირველკლასელების მშობლები და მასწავლებელები შფოთავენ, რაღა ვქნათ, წერას ვერ ისწავლის ბავშვიო. რამდენი წელიწადია რომ ვკითხოთ, ავტოკალმით აღარ დაუწერიათ ადამიანებს და რას ჰქვია წერას ვერ ისწავლის. ჩვენ თუ ისევ დავრჩებით მე-19 საუკუნეში და ვიშფოთებთ, თუ ბეტონის შენობაში ბავშვი არ მივიდა 30 თანაკლასელთან ერთად და 12 საგანი არ ასწავლა მე-9 კლასში, ე.ი ის ვერაფერს ისწავლის უკვე, ასე არ არის“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური