სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა – რა ინფორმაციას მიაწვდის სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს

მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა. როგორც განათლების სამინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
სამინისტროს მტკიცებით, სკოლები სწავლის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
მიხეილ ჩხენკელის უწყების ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ “სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს და სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება”.
“დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%. ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით”, – აცხადებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ასევე იხილეთ:
ამგვარ სიტუაციაში, სასწავლო პროცესი არის ძალიან საფრთხილო პროცესი – თამარ გაბუნია
-
სტატისტიკა შემცირებულია, მაგრამ 442 მოსწავლე ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმს ითხოვს by EDUVID-19
-
აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას by ARIS.GE-განათლება
-
სკოლებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება