GE

სკოლიდან გასვლისა და ჯილდოს მიღების სურვილი კიდევ 1600-მა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა

საპენსიო ასაკის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სისტემიდან ღირსეულად გაცილების მიზნით შემუშავებული პროექტის კიდევ ერთი ფაზის დასრულების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სკოლიდან გასვლისა და ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი კიდევ 1600-მა საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელმა გამოთქვა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სწორედ 1600 პირი დაემატა აქამდე არსებულ რაოდენობას – 6 450-ს.

არის თუ არა სრულყოფილად ათვისებული აქამდე გამოთავისუფლებული ადგილები სკოლებში, ამაზე სამინისტრო პირდაპირ პასუხს არ გვაძლევს და ჯერ უცნობია ისიც, თუ რა შედეგი დადგება სკოლებში მომდევნო სემესტრიდან, როცა სისტემას კიდევ 1600 ადამიანი გამოაკლდება.

შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან როგორც მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ განმარტა, პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომის გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ გადაწყვეტენ სისტემიდან გასვლას, მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამისთვის კი სამინისტროს განაცხადების მიღებისთვის დამატებითი ვადების დადგენა და გამოცხადება დასჭირდება. შესაბამისი ბრძანება ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება თანხების მიღების ვადას, როგორც სამინისტროში განმარტეს, ინფორმაციის გადამოწმება დაწყებულია და უწყება მაქსიმალურად ცდილობს, რომ 2-წლიანი ჯამური ანაზღაურება შემოდგომაზე დარეგისტრირებულ პირებს ამ წლის ბოლომდე გადაერიცხოთ.

პენსიონერი პედაგოგების სისტემიდან გასვლის ინიციატივა, რამდენიმე თვის წინ, ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააჟღერა. მან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლიდან გასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება შესთავაზა.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, სისტემიდან წასვლამდე, სამინისტრომ  საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდებში მონაწილეობის მიღების და სტატუსის ამაღლების ორი შანსი მისცა, 2019 წლის ზაფხულსა და შემდეგ შემოდგომაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური