GE

სკოლის დირექტორი მინისტრის ახალ ბრძანებაზე: თუ ჩვენ გარეშე უნდა აკეთონ ყველაფერი, მაშინ სკოლაში კი არა, სამინისტროში გამოაცხადონ ვაკანსია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ახალმა ბრძანებამ, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგების საქმიანობის დაწყების წესში ცვლილებას ეხება, სკოლების დირექტორები ისე დააფრთხო, ორი დღის განმავლობაში, EDU.ARIS.GE-ს კითხვის დასმას არ ამთავრებინებდნენ და მოუცლელობას იმიზეზებდნენ. ერთმა მათგანმა ისიც გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ. ზოგი კი ჯერ ვერ გარკვეულა, რას ითხოვს ამ ბრძანებით სამინისტრო და რამდენად ჩაერევა გადაწყვეტილებაში, თუ ვინ დაასაქმოს სკოლამ პედაგოგად.

საქმე ეხება მინისტრის 23 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, კონკურსის უზრუნველსაყოფად შექმნილ კომისიაში, რომელმაც სკოლაში, ვაკანტურ პოზიციაზე პედაგოგი უნდა შეარჩიოს, საჯარო სკოლის შემთხვევაში, უნდა შედიოდნენ: განათლების სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

აქამდე სკოლას, მასწავლებლის შესარჩევად შექმნილ კომისიაში, რომლის წევრებსაც სკოლის დირექტორი ირჩევდა, მხოლოდ დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის ჩართვა ევალებოდა და სამინისტრო თუ მისი სიპები, ამ ამბავში, ოფიციალურად არ ერეოდნენ.

საჯარო სკოლაში მასწავლებლად დანიშვნამდე, დაინტერესებულმა პირმა მინიმუმ ხუთკაციან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება. მინისტრის ბრძანებაში ასევე წერია, რომ „კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა“.

ამ დრომდე, სკოლებში, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ შესაბამისად, პედაგოგის ასარჩევად შექმნილი კომისია მინიმუმ სამი წევრისგან შედგებოდა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტიც იყო.

ნიშნავს თუ არა ახალი ბრძანება იმას, რომ სკოლებს აღარ ექნებათ უფლება, თავად გადაწყვიტონ, ვინ დაასაქმონ ვაკანტურ ადგილას და რას უნდა ელოდონ? ეს კითხვა EDU.ARIS.GE-მ ათეულობით სკოლების დირექტორს დაუსვა, თუმცა პასუხი მხოლოდ ერთი, თბილისის 92-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ჩიქოვანისგან მოისმინა.

მიხეილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, კონკრეტულად რას ითვალისწინებს მინისტრის ბრძანება, თუმცა, თუ კომპეტენტური კადრის აყვანაში ვინმე დაეხმარება, ამ ამბავს მხოლოდ მიესალმება.

„ჯერ ჩაღრმავება ვერ მოვასწარი ამ ახალ ბრძანებაში, გააზრება სჭირდება. ამ ამბავში რესურსცენტრიდან ჩართულობა აქამდეც იყო. განათლების სამინისტროში არსებობს სპეციალური, მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის წარმომადგენელი აუცილებლად გვყავს ხოლმე სპეცმასწავლებლის შერჩევის დროს, რადგან მისი კომპეტენცია გაცილებით მაღალია და ჩემს სკოლას რომ დასჭირდა, ძალიან დაგვეხმარა – კარგი კადრი შევარჩიეთ მათი დახმარებით და კმაყოფილი ვარ. მხოლოდ თავის აზრს გამოხატავდა – ეს კარგია და დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთო. თუ ასეთივე პრინციპით მოხდება სხვა პედაგოგების შერჩევაც, უფრო კმაყოფილიც დავრჩები. რომ გითხრათ, ბევრი კომპეტენტური პირია, რომლის დასაქმებაც ადვილი შესაძლებელია სკოლაში, ტყუილს გეტყვით და თუ ვინმე დაგვეხმარება კადრის შერჩევაში, რომ გარკვეულწილად ხარვეზი არ გაგვეპაროს, ძალიან კარგი, მაგრამ თუ იქნება ისე, რომ სხვამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ მივიღოთ და ჩვენ გარეშე მათ უნდა აკეთონ ყველაფერი, მაშინ სკოლაში კი არა, ბარემ სამინისტროში გამოაცხადონ ვაკანსია“, – გვითხრა მიხეილ ჩიქოვანმა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აქამდე კომისიის წევრებს, რომელსაც პედაგოგი უნდა შეერჩია, თავად არჩევდა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი საგანმანათლებლო რესურსცენტირიდან მოჰყავდა.

„ვაკანსიის გამოცხადების დროს ვინც მოგვმართავდა, ყველას ვუკავშირდებოდით. ნაწილი მოდიოდა გასაუბრებაზე, ნაწილი არ მოდიოდა. ჩვენი კომისია განიხილავდა ყველა კანდიდატს, ოქმს ვწერდით და ვინც შეესაბამებოდა დადგენილ წესებს, რომ უნდა ყოფილიყო უფროსი მასწავლებელი და ა. შ., ვიყვანდით პედაგოგად. სპეციალისტი ძირითადად, რესურსცენტრიდან მოდიოდა ჩვენი მოწვევით. რესურსცენტრი სკოლასა და სამინისტროს შორის შუალედური რგოლია და მათ სამინისტროს თანამშრომლად ვერ აღვიქვამთ. კი, უფრო დაახლოებულია სამინისტროსთან, რადგან პირდაპირი კავშირები აქვს, მაგრამ… ამ ახალი ბრძანებით, რა და როგორ იქნება, არ ვიცი, შესაძლებელია, პირდაპირი დავალება მოხდეს რესურსცენტრისთვის სამინისტროს მიერ და მათ წარადგინონ პედაგოგი ვაკანტურ ადგილზე. შესაძლებელია, სამინისტროში ცალკე ჯგუფი ჩამოყალიბდეს და რესურსცენტრებს საერთოდ არ შეეხოს ეს ამბავი. ჩემი აზრით, სასწავლო წლის დასაწყისში თუ სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც სკოლებში ვაკანსიები ცხადდება, იმდენი პედაგოგის მიღებაზეა საუბარი, ვფიქრობ, სამინისტროს ძალიან გაუჭირდება, ყველგან თავისი წარმომადგენლის მივლინება, მაგრამ როდესაც ამ კანონს იღებდნენ, ვფიქრობ, გააზრებული ჰქონდათ, რასთან ექნებოდათ საქმე. ალბათ დააზუსტებენ ყველაფერს. მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ“, – ამბობს ჩიქოვანი.

დირექტორი იმედს იტოვებს, რომ გადაწყვეტილების მიღებას საბოლოოდ მაინც სკოლას მიანდობენ, ეს რეფორმა კი იმის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რომ სკოლაში ახლობლობით ვინმემ არაკომპეტენტური პირი არ დაასაქმოს.

„ვფიქრობ, როდესაც ბავშვებთან გაქვს საქმე და სკოლაში იღებ კადრს, ბავშვების ფსიქიკაზე და განათლებაზე უნდა იფიქრო და არა ახლობლობაზე. ვინც აქამდე სამსახურში ამიყვანია, ყველა გასაუბრების დროს გავიცანი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მიხეილ ჩიქოვანმა.

ასევე იხილეთ:

„პრობლემები განათლებაში“ – ერთ საქაღალდეში შეკრებილი სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების გასაჭირი პედაგოგისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური