GE

„სკოლის დირექტორი რომ ვიყო პირველ რიგში ამ ორ საკითხს გადავჭრიდი“

მშობლებთან ურთიერთობის მოგვარება და კოლეგების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა,  – ეს ორი ამოცანა დაუსახა განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  სკოლის დირექტორებს „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“, რომელიც 9-10 სექტემბერს გაიმართა. მინისტრის თქმით, თავად რომ სკოლის დირექტორი იყოს, პირველ რიგში, სკოლებში ამ ორ საკითხს გადაჭრიდა.

„მე რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, პირველ რიგში, ორ რამეზე გავაკეთებდი აქცენტს. მე შედეგების მიღწევა მიყვარს  და თქვენც, ალბათ. გასაგებია, განათლებაში ძნელია სწრაფად რამე შეცვალო, მაგრამ მე მგონია, რომ შესაძლებელია,  წერტილოვანი დარტყმებით მალვე შეცვალო რაღაც.

დირექტორი რომ ვყოფილიყავი,  სავარაუდოდ, შევხედავდი იმ ,,ტერიტორიას“, სადაც ცუდად არის საქმე. მაგალითად, კომაროვში რომ მივსულიყავი, მათემატიკის სწავლების ხარისხზე კი არ დავკონცენტრირდებოდი, პირველ რიგში, არამედ  სხვა საკითხებზე. იმაში – არა, რაშიც მოვიძლიერებ. ძალიან სახალისოა, მიხედო იმას, რაშიც ძლიერი ხარ. სასიამოვნოა იმ ტერიტორიას რომ შეხედო, რაშიც ისედაც კარგად არის საქმე. ამიტომ, მე რომ გავმხდარიყავი სკოლის დირექტორი, სუსტ „ტერიტორიებს“  შევხედავდი.

მე მაქვს ჩემთვის მოფიქრებული ორი ,,ტერიტორია“, რომელიც იქნებოდა პირველი საგანი ჩემი ყურადღებისა.  ეს იქნებოდა: მშობლებთან ურთიერთობა. დამკვეთების მომსახურება დავარქვათ ბიზნესის ენაზე. ანუ  იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც ვემსახურებით, – ეს იქნებოდა ერთი სფერო და მეორე სფერო იქნებოდა მთელი კოლექტიური და არა ცალკეული ინდივიდის მოტივაცია“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით,  ქართულ სკოლას აქვს დიდი რეზერვები მშობლებთან მუშაობის მიმართულებით.

„ჩვენ აღვიზარდეთ ისეთ სისტემაში, სადაც მშობლებთან (დამკვეთებთან) ურთიერთობა საერთოდ  მეშვიდეხარისხოვანი იყო. ან უარყოფით ემოციებთან დაკავშირებული. ამიტომ, მე რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, კოლეგებს ვეტყოდი, რომ მოდით, მშობლებთან ავაწყოთ ისეთი ურთიერთობა, რომ არც ჩვენ და არც მათ არ ჰქონდეთ ურთიერთობისას დისკომფორტი.

ბიზნესიდან მოვდივარ  მოგეხსენებათ და ვიცი, თუ ნორმალურად არ მოემსახურები კლიენტს, წყალშია ჩაყრილი ყველაფერი. მგონია, ვიცით, ჩვენი თავი  როგორ აღვზარდოთ, როგორც მშობლების პარტნიორებმა და არა როგორც მშობლების მომსახურეება, არა მშობლებისთვის მიმთითებლებმა, არამედ მშობლების პარტნიორებმა, აღმზრდელებმა მათი შვილების. თქვენ ჩაგაბარეს თავიანთი საყვარელი შვილები. თქვენ ხართ აღმზრდელები და უნდა მოიქცეთ  შესაბამისად. მოთხოვნაც უნდა გქონდეთ, როცა მოსათხოვია, შეტევაზეც უნდა გადახვიდეთ, როცა შეტევაზეა გადასასვლელი და  ზედაც უნდა გადავყვეთ, როცა რაღაც უჭირთ და ვერ გარკვეულან, დახმარება სჭირდებათ და ასე შემდეგ.

უნდა ვასწავლოთ, როგორ აღვზარდოთ ერთად ჩვენი შვილები. ოღონდ – ისე, რომ ამას არ აუვიდეს  ზემოდან ქვემოთ ყურების სუნი. იმიტომ რომ ამას არავინ არ გააკეთებს. მოკლედ, მგონია, რომ აქ სერიოზული რეზერვები გვაქვს.  ვაპირებთ, რომ კვალიფიკაციის ამაღლება ამ მიმართულებითაც სერიოზულად განვავითაროთ, სხვა ბევრ რამესთან ერთად“.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მეორე სწრაფად გადასაჭრელი საკითხი სკოლებში არის კოლექტიური მოტივაციის შექმნა პედაგოგებში.

„ცალკეული პედაგოგის მოტივაცია და კოლექტივის მოტივაცია სხვადასხვა რამეა. ორგანიზაციული კულტურის განმარტება ამბობს, რომ ეს არის მონაწილეების დამოკიდებულება საქმის მიმართ და ერთმანეთის მიმართ. მაგალითად, რომელიმე პედაგოგს რომ ვკითხო, რას იტყვით თქვენს სკოლაზე და მიპასუხოს, ძაან მაგარი სკოლაა, ვენაცვალე, მიხარია იქ მისვლაო და მეორე კითხვაზე  – კოლეგებზე რას ფიქრობ,  თუ მითხრა, რომ მზე და მთვარე ამომდის; რომ მიჭირს,  გვერდით მიდგანან; იმათ უჭირთ, მე ვუდგავარ გვერდში, – მე შეიძლება მეტი კითხვა აღარ დავსვა, იმიტომ რომ ასეთი სკოლა, თუ უკვე არ აყვავდა, მომავალში მალე აყვავდება. ასეთი დამოკიდებულება ცალსახად გამოიწვევს შედეგს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ოქროს თევზი რომ შეხვდეს და ჰკითხოს, რაში სჭირდება დახმარება, ორ რამეს თხოვდა: ერთი, რომ მშობლები და მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია  იყვნენ როგორც ოჯახი,  გაერთიანებულები ბავშვის აღზრდის ამოცანის გადასაჭრელად და მეორე – საქმეზე, თავის სკოლაზე, ადმინისტრაციაზე და ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდეთ. ჯეჯელავას თქმით, სამწუხაროდ, ჩვენი სისტემებიდან ეს ორი განზომილება, მშობლებთან ურთიერთობის და ერთმანეთთან ურთიერთობის, თითქოს გამორჩენილია.

განათლების მინისტრმა სკოლებში მესამე სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხზეც ისაუბრა. ეს არის ყოველდღე კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

„ოქროს თევზი მესამე სურვილსაც იღებს ხოლმე. მესამე სურვილი იქნებოდა, რომ სკოლაში ხდებოდეს კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.  თქვენ გყავთ ძალიან კარგი თანამშრომლები და როცა მათ შეხვდებით, ჰკითხეთ რა გააუმჯობესეს დღეს? რა შეცვალეს დღეს? პირველი რეაქცია იქნება გაკვირვება: რა, ცუდად ვაკეთებ? არ მოგწონს? უპასუხეთ, რომ არაჩვეულებრივად აკეთებს, მაგრამ უკეთესად ხომ შეუძლია? ყოველდღე ახალი ნაბიჯები, ეს არის სწორი მიდგომა!“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების და მეცნიერების მინისტრმა დირექტორებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც დააანონსა.

„ჩემი მხრივ, მინდა დაგპირდეთ, რომ დირექტორების მიმართ ყურადღების მოდუნება, პროფესიული განვითარების მიმართულებით, თუ ხელფასის ზრდის მიმართულებით, დამთავრდა. ძალიან ბევრი სიახლე წამოვა დირექტორებისათვისაც და საერთოდ, ადმინისტრაციის წევრებისთვისაც, მათ შორის მატერიალურიც და არამატერიალურიც. მაგრამ თქვენი მხრიდანაც გვექნება მაღალი მოლოდინები“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სკოლების სია, სადაც განათლების სამინისტრო ვაშლს დაარიგებს

სკოლის ბუფეტებში ზოგიერთი საკვების გაყიდვა აიკრძალება – სია

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური