GE

სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭო ზეწოლაში ადანაშაულებს – საქმეს აუდიტის სამსახური სწავლობს

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში არსებულ დაპირისპირებას, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. საქმე დირექტორ  ქეთევან ობოლაშვილსა და მასწავლებელ დათა დათაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხება. უწყება დირექტორისა და მასწავლებლების ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პედაგოგებმა ადიგენის რესურსცენტრს წერილობით მიმართეს. მათ განცხადებაში წერია, რომ დირექტორმა სამეურვეო საბჭოს ოქმზე ხელი შანტაჟისა და მუქარის გზით მოაწერინა.

„აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა კითხვები სამეურვეო საბჭოს წევრებს, ცალ-ცალკე დაგვისვეს. ესაუბრნენ დირექტორსაც. მათ დათა დათაშვილისა და ქეთევან ობოლაშვილის შესახებ ყველაფერი აინტერესებდათ. როგორ ვითარდებოდა მოვლენები სკოლაში კონფლიქტის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე. აუდიტის სამსახურმა სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებიც შეისწავლეს”, – ამბობენ სამეურვეო საბჭოს წევრები.

განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ აუდიტის სამსახური დათა დათაშვილისა და ქეთევან ობოლაშვილის საკითხით დაინტერესდა.

„განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური მივლინებული იყო სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში. უწყება სწავლობს გამოიკითხა პედაგოგების უმეტესობა, რომლებიც ამ საქმესთან არიან კავშირში. შესწავლის პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. აუდიტის სამსახური დასკვნას მოგვიანებით დადებს. ამის შემდეგ გადაწყვეტს სამინისტრო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი“, – ამბობენ განათლების სამინისტროში.

დირექტორსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ დათა დათაშვილს  შორის ურთიერთობა 2017 წლის იანვარში დაიძაბა, როცა ქეთევან ობოლაშვილმა თანამშრომლებს 11–თვიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა.

„დირექტორს ვუთხარი, რომ ეს იყო დარღვევა, რადგან პედაგოგთან, რომელიც 5 წელზე მეტია სკოლაში მუშაობს, უვადო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამის შემდეგ დამაკისრა დისციპლინური სახდელი და დაიწყო ჩემზე ზეწოლა“, – ამბობს დათა დათაშვილი.

სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებლისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, მხოლოდ საბჭოს თანხმობის შემთხვევაში შეუძლია, ამიტომ ქეთევან ობოლაშვილმა სამეურვეო საბჭოს მიმართა. საბჭოს წევრებმა დირექტორის არგუმენტები დაუსაბუთებლად მიიჩნიეს და დათა დათაშვილის გათავისუფლებაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ ქეთევან ობოლაშვილმა დათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 10 ივლისს ერთპიროვნულად მიიღო, თუმცა სამეურვეო საბჭომ დირექტორის ბრძანება და დათაშვილზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი გააუქმა.

სამეურვეო საბჭოს წევრები ჰყვებიან, რომ ამის შემდეგ დირექტორმა საბჭოს სხდომის ოქმი თავად შეადგინა, სადაც დათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება იყო მიღებული და წევრებს ხელი იძულებით მოაწერინა. თუმცა მოგვიანებით ამ წევრებმა სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

„სამეურვეო საბჭოს სხდომა არ გამართულა, ამიტომ დირექტორს ვუთხარი, რომ ოქმს ხელს არ მოვაწერდი. მის სიტყვებში გაისმა მუქარა, ამის გამო იძულებული გავხდი რომ ხელი მომეწერა. ეს იყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა. სამეურვეო საბჭოს წევრებმა ადიგენის რესურსცენტრში დავწერეთ განცხადება, სადაც აღვწერეთ რა გარემოებაში მოხდა ეს“, – ამბობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თინა ზუბაშვილი.

მასწავლებლები ამბობენ, რომ დირექტორი დათა დათაშვილის კანონიერი გათავისუფლების გზებს ეძებს. ქეთევან ობოლაშვილს სურდა, რომ სამეურვეო საბჭო შეკრებილიყო და ერთი საკითხი განეხილა – დაუმორჩილებელ პედაგოგებს სამეურვეო საბჭო დაეტოვებინათ. საბჭოს შეკრებისთვის მასწავლებელთა 2/3 თანხმობა იყო საჭირო, საკითხმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

სკოლის დირექტორი მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა დათა დათაშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმიანება. ქეთევან ობოლაშვილი ამბობს, რომ ის სკოლის რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და დათა დათაშვილმა გათავისუფლება დაიმსახურა.

„მე მეხალისება რომელიმე თანამშრომლის გათავისუფლება? დათა დათაშვილთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია მისი დისციპლინარული სახდელების საფუძველზე. მე ვიცი, რომ კანონის შესაბამისად ვიქცევი და ზედმეტი არაფერი გამიკეთებია. სკოლაში არის სრული გამჭვირვალობა“, – ამბობს ქეთევან ობოლაშვილი.

სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მასწავლებელმა კი სკოლაში დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლდა დაიწყო. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დათა დათაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად სცნო და სკოლას პედაგოგისთვის განაცდურის ანაზღაურება დაავალა. აღდგენილმა პედაგოგმა სასწავლო პროცესში ჩართვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამას ქეთევან ობოლაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა. დირექტორი სკოლაში მასწავლებლის დაბრუნებას არ აპირებს. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მან სააპელაციოში გაასაჩივრა.

მოამზადა რუსუდან გვარამაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური