GE

სკოლის მოსწავლე გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინების 33% დაკავშირებულია სიღარიბესთან

„ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე სახელმწიფო უწყებების უმრავლესობის დამოკიდებულებები და განწყობები აბსოლუტურად მოწყვეტილია კონტექსტს“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც ქვემო ქართლში ჩატარდა და რეგიონში ბავშვთა ქორწინების შესახებ არსებულ პრაქტიკასა და განწყობებს ასახავს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 15 წლიდან 18 წლამდე ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონშია. გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების 33% დაკავშირებულია კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილთან (მაჩვენებელთან). ამავე ანგარიშში, სახალხო დამცველის 2015 წლის კვლევის შედეგებია მოყვანილი, რომელშიც წერია, რომ კვლევის ფარგლებში შერჩეულ ქვემო ქართლის სოფლებში, თითქმის არცერთი გოგო არ ამთავრებს სკოლას სწორედ იმიტომ, რომ ქორწინდება.

როგორც ანგარიშში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ამავე პერიოდში შესწავლილ იქნა ადრეულ ასაკში ქორწინების 131 შემთხვევა, საიდანაც 23 ქვემო ქართლის რეგიონიდან იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სახალხო დაცვის აპარატის თანამშრომლებთან ამბობენ, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის უშუალო მიმართვიანობა პოლიციისადმი ძალიან დაბალია, ამიტომ ისინი მოქალაქეებისგან ნაკლებად იღებენ ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების შესახებ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ნაადრევი ქორწინების პრაქტიკა ძირითადად ეთნიკური უმცირესობებისთვის არის დამახასიათებელი, რაც მათი ტრადიციიდან მომდინარეობს. ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში დასაქმებული სამართალდამცველების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი კაცია. საკითხის მიმართ მათი უმრავლესობის დამოკიდებულება კი, პრობლემური და არასენსიტიურია. ეთნიკურად ქართველები არიან ადგილობრივი ხელისუფლების უწყებაში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობაც, რომლებიც ადგილობრივ არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს საკუთარი თავისგან დისტანციურად განიხილავენ.

ამავე ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში და ბავშვებთა ქორწინების საკითხზე სახელმწიფოს მუშაობა არ არის თანმიმდევრული, სისტემური და ერთიანი. სახელმწიფოს საქმიანობა ხშირად ფრაგმენტული, დაგვიანებული არათანმიმდევრულია.

ანგარიშში: ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში – განწყობების კვლევა, ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად სახალხო დამცველი ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

  • სახელმწიფომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ყოფისა და იდენტობის შესახებ საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა დაიწყოს მუშაობა;
  • სახელმწიფომ დაიწყოს ფიქრი ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო უწყებებში დასაქმების ხელშეწყობაზე;
  • შეიქმნას ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების ერთიანი აღრიცხვის სისტემა, რომელიც დახმარებითაც ყველა უწყებას ერთიანი სტატისტიკური მონაცემები ექნება;
  • შეიქმნას გზამკვლევი დოკუმენტი ადრეული ასაკში ქორწინების საკითხზე მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი კონტექსტი;
  • შეიქმნას თემის წევრი სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეიქმნას ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციაზე მუშაობის კურსი;
  • გაძლიერდეს პოლიციის მუშაობის მონიტორინგი ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლთა დახმარების კუთხით;
  • სახელმწიფომ, თემის წარმომადგენლებისთვის, შეიმუშაოს მშობლების ცნობიერების ამაღლების კომპანია ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე.

სხვა სიახლეები “არამხოლოდ განათლებიდან”

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური