GE

სკოლის მოსწავლეთა შორის რაოდენობით ბიჭები ლიდერობენ – სასკოლო სტატისტიკა

საქსტატმა 2019-2020 წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2015/2016-2019/2020 სასწავლო წლების დასაწყისისთვის.

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (34.7%) თბილისში სწავლობს.

2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი.აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, სკოლის დატოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მე- 9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებშია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, სქესის და კლასის მიხედვით, წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში.

2019/2020 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 151 186 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური