GE

„სკოლისთვის ისევ არაფერს ვსწავლობთ როგორც აქამდე“, – რა შეიცვალა მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ?

საატესტატო გამოცდების გაუქმებამ საზოგადოებაში არაერთგავროვანი რეაქცია გამოიწვია. დიდი ნაწილის აზრით, ეს უარყოფითად აისახება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ისინი ისწავლიან მხოლოდ იმ საგნებს, რომლებიც უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე დასჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE–მ თბილისისა და რეგიონების X-XII კლასის მოსწავლეები გამოკითხა. გამოკითხულები ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა სკოლაში „ისევ არ სწავლობს არაფერს, როგორც აქამდე“ და ერთხმად თანხმდებიან, რომ იმ დროს, რაც სკოლის გაკვეთილების მომზადებაში უნდა დაეხარჯათ, ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას დაუთმობენ. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ცვლილებების განხორციელების შემდეგ ზოგიერთ სკოლაში პედაგოგებმა მოთხოვნა გაამკაცრეს. როგორც ბავშვები ამბობენ, „მასწავლებლები ახლა მეტ პასუხისმგებლობასა და შიშს გრძნობენ“.

მე12 კლასის მოსწავლე:

მკაცრად გვიკონტროლებენ გაკვეთილებზე დასწრებას და გაცდენებს ყველა მასწავლებელი აფიქსირებს ჟურნალში. კიდევ, მოთხოვნა აქვთ მასწავლებლებს, რომ მე-12 კლასის პროგრამას მიყვნენ და გაკვეთილები ჩაატარონ. საატესტატო გამოცდების მოხსნამდე ასეთი მკაცრები არ ყოფილან.

მე11 კლასის მოსწავლე:

სკოლაში ისევ არაფერს ვსწავლობთ როგორც აქამდე. მასწავლებლებმა მოთხოვნა რომ გაამკაცრონ, აზრი არ აქვს, ქულის დაკლების გარდა სხვა ბერკეტი არ აქვთ. ახლა, იმ დროს, რაც ფიზიკისთვის უნდა დამეთმო იმ საგნებს დავუთმობ, რომლებიც მომავალში დამჭირდება.

მე12 კლასის მოსწავლე:

წელს სკოლაში არც გამოცდების მოხსნამდე ვაკეთებდით რამეს და არც მას შემდეგ. არც პედაგოგების სწავლების მეთოდებს დატყობია ცვლილება და არც ჩვენ, შესაბამისად, არაფერი შეცვლილა.

მე12 კლასის მოსწავლე:

ვფიქრობ, ეს ცვლილებები ადამიანთა ცნობიერების დონეს ძალიან დაბალ საფეხურზე დაწევს. თუ ყოველ წელს იჭრებოდა გამოცდებში რაღაც „X“ რაოდენობა, ახლა ნიშნების მიხედვით საერთოდ არავინ არ ჩაიჭრება. ანუ, გამოდის, რომ ამ შესაძლო „X“ – ების რაოდენობის მეათასედი ვერ ჩააბარებს მხოლოდ. ძალიან მარტივია მასწავლებელს დააწერინო 5 ქულა, ამისთვის საკმარისია თვეში ერთი გაკვეთილის სწავლა და ერთხელ გამოჩენა, ნიშანი გარანტირებული გაქვს. გამოცდები რომ იყო, 1 თვე მაინც სხდებოდნენ ბავშვები და რაღაცას სწავლობდნენ.

აი, რომ ამბობენ, ამ დონეზე რა საჭიროა რომ იცოდე ფიზიკა ან ბიოლოგია, რომ გამოცდა ჩააბაროო, ეგ საერთოდ სისულელეა. იმდენად მიზერული ცოდნა იყო საჭირო ბარიერის გადასალახად, რომ მართლა სირცხვილი იყო მსგავსი უგუნურობა. რაც შეეხება იმას, რომ სტრესში გვაგდებდაო, ეგ უარესი სისულელეა. უბანალურესი „კატის“ გამოცდის გამო თუ ვარდებოდნენ კრუნჩხვებში, ეგეთ ხალხს საერთოდ ცხოვრებისეული პრობლემა რომ შეხვდეს რას იზამენ?!

ახლა, რა თქმა უნდა, გააცდენს მოსწავლე იმ საგნებს, რომელსაც არ აბარებს ეროვნულზე და როგორც აღვნიშნე, თვეში ერთხელ „შეუვლის“ სკოლას ნიშანზე. მაღალ კლასებში გაკვეთილზე მოუმზადებელი მისვლა პრობლემა აქამდეც იყო და იქნება. ყველაფერი ადამიანის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, ვინც ამზადებდა საგანს, ისედაც მოამზადებს. ჩემთვის გინდ გაუქმებულიყო გამოცდები, გინდა არა, ამ საგნებს ეროვნულებზე ისედაც ვაბარებ, მაგრამ რაღაცნაირი „მუღამი“ მაინც ჰქონდა.

მე-12 კლასის მოსწავლე

მოსწავლეები ახლა უფრო ვაცდენთ სკოლას ვიდრე ადრე, თუმცა ამას აქვს დადებითი: იმ დროს, რაც სკოლაში უნდა დაგვეკარგა, მეცადინეობას მოვახმართ. ამას გარდა, ვისაც ეგონა, რომ ჩაიჭრებოდა საატესტატოზე, იმათ უფრო გააძლიერეს სწავლა და უნდათ უკვე უნივერსიტეტში მოხვედრა.  საერთოდ, გამოცდების გაუქმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სწავლის ხარისხზე დიდად არ იმოქმედებს, უფრო რეპეტიტორების ჯიბეზე მოახდენს გავლენას. სკოლის პედაგოგებისთვის არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წლის ბოლოს ვეღარ გაიცინებენ.

მე-11 კლასის მოსწავლე

სკოლაში საგრძნობლად არაფერი შეცვლილა, ყველა ისევ ისე აგრძელებს სწავლას ან არსწავლას, როგორ გამოცდების მოხსნამდე. პედაგოგების დამოკიდებულებაც იგივე დარჩა და არც გამცდენთა რაოდენობა გაზრდილა. ბავშვები გამოცდების გამო აღარ ნერვიულობენ და უდარდელად არიან.

მე-10 კლასის მოსწავლე

ძალიან გამიკვირდა და გამახარა ასეთი გადაწყვეტილების მიღებამ, რადგან ბავშვები უამრავ ფულს ყრიდნენ რეპეტიტორებში, თან ასეთ მოკლე დროში ამდენი საგნის სწავლა ძალიან რთულია. სკოლებში უფრო გამკაცრებული რომ იყოს სწავლა მოსწავლეებს, არც დასჭირდებათ ცალკე რეპეტიტორებთან სიარული. მე11 და მე12 კლასებში კი მთლად დაკნინებულია სწავლება. ეს ორი წელი ბავშვები ემზადებიან, სკოლას კი ფუნქცია არ აქვს. ჩემი აზრით, კარგია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუ გვინდა, სკოლას დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია, უფრო უნდა გამკაცრდეს სასწავლო პროგრამა და მოსწავლეებს უფრო მეტი მოსთხოვონ. ამ გადაწყვეტილების მერე პირადად ჩემს კლასში არაფერი შეცვლილა ისე სწავლობენ ბავშვები, როგორც ადრე და არც აცდენენ.

მე-12 კლასის მოსწავლე

გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდება, მხოლოდ ის განწყობა აღარაა, რაც გამოცდების მომლოდინეებს გვქონდა. არც გაცდენების მხრივ შეინიშნება განსხვავება და არც სწავლის მხრივ. ვინც სწავლობდა, ახლაც იგივეს აგრძელებს და ვინც არ სწავლობდა, კვლავ ჩვეულ ამპლუაშია.

ამავე თემაზე:

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები და შეფასებები

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური