GE

„სოციალური სამართლის არსი და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში“ -კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო დისკუსია გაიმართა

29 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო დისკუსია თემაზე: „სოციალური სამართლის არსი და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში“.

სამეცნიერო დისკუსია მიზნად ისახავდა წარმოედგინა სოციალური სამართლის არსი, წყაროები და შინაარსი. ქართული, გერმანული და უნგრული სოციალური სისტემის მაგალითზე განხილულ იქნა სოციალური დაცვის საკითხები, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით განპირობებული გამოწვევები.

დისკუსია გახსნეს და მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა, პროფესორმა, კახაბერ კორძაიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ.

ღონისძიებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი და პროფესორი მერაბ ტურავა აუდიტორიას მიესალმა და განაცხადა, რომ ასეთი სახის დისკუსიები უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქმნის ქვეყნის განვითარებისთვის.

„სოციალური დაცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. მინდა, მადლობა გადავუხადო დამსწრე საზოგადოებას და დისკუსიის მონაწილეებს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმართვისთვის, ასეთი დისკუსიები ქმნიან უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

დისკუსიის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა, რომ სოციალური სამართალი იმ ფუნდამენტს წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში დემოკრატიისა და ინდივიდის უსაფრთხოების წინაპირობებს ქმნის.

„როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ სამართალზე უნდა გვახსოვდეს, რომ მისი საკვანძო ელემენტი არის სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოციალური დაცვის სისტემის შექმნას. ასეთი სისტემა იცავს ადამიანს და მის ფუნდამენტალურ უფლებებს, უზრუნველყოფს მის დაცვას როგორც ინდივიდუალურად, ისე ეკონომიკურად“, – განაცხადა სოციალური სამართლის არსის განმარტების დროს იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ებერჰარდ აიხენჰოფერმა.

დისკუსიის მონაწილე თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ისეთი სოციალური რისკები, როგორიცაა სიბერე, შეზღუდული შესაძლებლობა, მარჩენალის დაკარგვა, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობა, შეიძლება, რომ ყველას შეეხოს. ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს და სწორედ ამ რისკების წარმოშობის შემთხვევაში ბენეფიტების მიღების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სოციალური სამართალი.

დისკუსის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ებერჰარდ აიხენჰოფერი და იოსეფ ჰაიდუ სამართლის დოქტორები და პროფესორები.

მომხსენებლებელთა რიგებში იყვნენ: ნორა იაკაბ, სამართლის დოქტორი, პროფესორი; მარიამ ცისკაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი; ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი – სამართლის დოქტორი, პროფესორი; ნინო მჭედლიშვილი, სამართლის დოქტორი; ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი და ბექა ქანთარია, სამართლის დოქტორი, პროფესორი.

სამეცნიერო დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და სამეცნირო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური