GE

სოფელ აზავრეთის სკოლაში სასწავლო პროცესი 8 აპრილის შემდეგ არ მიმდინარეობს

„ბავშვები დღესაც არ მოსულან სკოლაში. კვირაზე მეტია პროტესტი გრძელდება და ჯერ არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია. არ ვიცი მშობლები რას გადაწყვეტენ“, – აცხადებენ აზავრეთის სკოლის ადმინისტრაციაში.

მშობლები მოსწავლეებს სკოლაში 8 აპრილის შემდეგ არ უშვებენ. როგორც ისინი ამბობენ, პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ახალი სკოლის აშენების დაპირებას არ მიიღებენ. აქციას მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს.

„ჩემს შვილიშვილს უფლებას არ მივცემ რომ სკოლაში იაროს. იქ ძალიან საშიშია“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის ბებია, სარგის თამამიანი.

მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლაში სიარული საშიშია და იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ მოსწავლეს ჭერიდან ქვიშა ჩამოეყარა. „მშობლები ეშინიათ და ბავშვებს არ უშვებენ სკოლაში. ყოველდღე ვხედავდით რომ მოსწავლეთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებდა“,–ამბობს აზავრეთის სკოლის პედაგოგი, ანაიდ თამამიანი.

აზავრეთის სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, წლებია დაზიანებულია. აქ ცუდ მდგომარეობაშია სკოლის სახურავი, კედლები და იატაკი.

ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ სკოლის გარემონტება დაგეგმილია, ახალი სკოლის ასაშენებლად კი მუნიციპალიტეტს სახსრები არ აქვს. რემონტის დასრულებამდე, იგი მოსწავლეებს მეზობელი სოფლის, ბურნაშეთის სკოლაში სწავლას სთავაზობს.

„ან კაპიტალური რემონტი უნდა გაკეთდეს სკოლის, ან კიდევ ახალი უნდა აშენდეს, დღეს მუნიციპალიტეტს ამხელა შესაძლებლობა არ აქვს, რომ სკოლა ააშენოს. მაგას 4 მილიონამდე ხომ მაინც სჭირდება. მათი პროტესტი არასწორია და ვფიქრობ, რომ ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ. მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს ამ სკოლის რეაბილიტაცია გეგმაში“, – ამბობს უნანიანი.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ სკოლის რეაბილიტაცია წელს დაიწყება. ტენდერს მაისის ბოლოს გამოაცხადებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა თანხა დასჭირდება სამუშაოებს, რომელიც 2020 წლისთვის უნდა მოესწროს.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური