GE

სოფო გორგოძე: პირველ სესიაზე აბიტურიენტების 94%-ზე მეტი გამოცხადდა – შუადღის აბიტურიენტები უფრო მეტად უნდა გაფრთხილდნენ

საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა 94%-ზე მეტი გამოცხადდა და ორმა დააგვიანა – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ საუბრისას დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გამოცდაზე დაგვიანება აბიტურიენტის საგამოცდო პროცესისგან გამოთიშვის ტოლფასია, ამიტომაც, გორგოძე მათ მოუწოდებს, რომ “ოღონდ არ დაიგვიანონ და შეუძლიათ, გამოცდაზე პირადობისა და საგამოცდო ფურცლის გარეშეც კი გამოცხადდნენ”.

“ერთადერთი, რის გამოც ეთიშებით გამოცდებს, არის ის, რომ იგვიანებთ. პირადობაც რომ დაგრჩეთ და საგამოცდო ბარათიც, მაშინაც კი შეგვიძლია რამე ვიღონოთ, დამატებითი პროცედურები გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცედურაა, მაგრამ მოვახერხებთ და მაინც შევუშვებთ. ანუ, ამის გამო არ დაბრუნდეთ სახლში უკან. ძალიან გთხოვთ, არ დაგრჩეთ, მაგრამ, თუ დაგრჩებათ, გთხოვთ, მაინც მობრძანდეთ”, – ამბობს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, ჯერ არ იცის, რა გახდა ორი აბიტურიენტის დაგვიანების მიზეზი, თუმცა, ამბობს, რომ როგორც წესი, გზებზე არსებულ საცობებს აბრალებენ.

“ამბობენ ხოლმე, რომ გზაში რაღაც პრობლემა იყო და ამიტომ დამაგვიანდაო, მაგრამ, დილის სესიაზე, როგორც წესი, საცობიც არ არის. ასე რომ, წესით არ უნდა დავიგვიანოთ. შუადღის აბიტურიენტები უფრო მეტად უნდა გაფრთხილდნენ, რომ არ დაიგვიანონ”, – ამბობს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.

გორგოძის განცხადებით, დაფიქსირდა COVID-19-ით დაავადების გამო გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევებიც და ასეთი აპლიკანტებისთვის დამატებითი სესიების დაგეგმვა დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური