GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასოციაცია ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და დირექტორი ესტუმრა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ასოციაცია ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და დირექტორი, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერია“-ს დამფუძნებელი, ქეთევან გორგილაძე ესტუმრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი – რომეო გალდავა; ენების შესწავლის ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი- მაია დარასელია; რექტორის თანაშემწე – თინათინ გაბედავა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, საერთაშორისო ასპარეზზე უნივერსიტეტის როლის გაზრდასა და საერთაშორისო განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე შედგა.

ქეთევან გორგილაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავშირების გაღრმავებასა და ახალი პროექტების ერთობლივ დაგეგმვაზე მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრა, რომ სსუ-სა და ესპანეთის ქ. ალკალას უნივერსიტეტებს შორის უნდა შეიქმნას ერთობლივი პროგრამები, გაიცეს ორმაგი დიპლომები, ასევე ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სასერტიფიკატო მოკლევადიანი პროგრამა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური კულტურის ცენტრი დაარსდეს.

ქეთევან გორგილაძის ინიციატივით, 4 წლის წინ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ალკალას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი ორი სემესტრის განმავლობაში ალკალას უნივერსიტეტში სწავლობდა. ამას ევროკავშირის პროექტ “Erasmus+/credit mobiliti”-ს ფარგლებში პარტნიორობა მოჰყვა. ამჟამად სსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთი მაგისტრანტი სწავლას ალკალას უნივერსიტეტში აგრძელებს.

სამომავლოდ კი ურთიერთობის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებელებისა და აკადემიური პერსონალის მობილობაც იგეგმება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური