GE

სპეციალური მასწავლებლებისთვის – როგორი დავალებები დაგხვდებათ 27 ივლისის გამოცდაზე

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში სპეციალური მასწავლებლები გამოცდას ხვალ, 27 ივლისს ჩააბარებენ. ისინი გამოცდაზე წელს პირველად გადიან და პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ; კომპეტენციის წარმატებით დადასტურების შემთხვევაში კი უფროსის სტატუსს მოიპოვებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ გაზრდილი ანაზღაურება ექნებათ.

სანამ გამოცდაზე გახვალთ, კიდევ ერთხელ გაეცანით მნიშვნელოვან დეტალებს:

უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54, გამოცდის ხანგრძლივობა – 4 საათი. აპლიკანტს ბარიერი გადალახულად ეთვლება, თუ დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს, 33 ქულას.

პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები. არჩევითპასუხებიანი და შესაბამისობის თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, ღია დავალებების – 3.

საგამოცდო ტესტში სულ 40 დავალებაა. აქედან 30 არის არჩევითპასუხებიანი, 3 – შესაბამისობის, 7 კი ღია დავალება.

როგორი დავალებები დაგხვდებათ გამოცდაზე:

არჩევითპასუხებიანი დავალება: ასეთი ტიპის დავალება შედგება პირობის, შეკითხვისა და სავარაუდო პასუხებისაგან, ან მხოლოდ შეკითხვისა და სავარაუდო პასუხებისგან. ტესტში მოცემულ არჩევითპასუხებიან დავალებებს ოთხი სავარაუდო პასუხი აქვს და მათგან სწორი მხოლოდ ერთია.

საგამოცდო ტესტში მოცემულია 2 ტიპის არჩევითპასუხებიანი დავალება. პირველი ტიპის დავალებას თან ახლავს პირობა, რომელშიც აღწერილია სიტუაცია ან შეიცავს რაიმე ტიპის ინფორმაციას, შემდეგ კი დასმულია შეკითხვა. გამოსაცდელი კარგად უნდა გაეცნოს პირობას და ამის შემდეგ უპასუხოს დასმულ შეკითხვას.

არჩევითპასუხიანი დავალების მეორე ტიპი, გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩამოთვლილ დებულებათაგან მართებულია ერთი ან ერთზე მეტი. დავალებაში მოცემულია პირობა, შეკითხვა და რომაული ციფრებით აღნიშნული დებულებები, ან მხოლოდ შეკითხვა და რომაული ციფრებით აღნიშნული დებულებები; დებულებების შემდეგ კი მოცემულია სავარაუდო პასუხები. სავარაუდო პასუხები ამგვარად არის ფორმულირებული: ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და II; გ) მხოლოდ II და III; დ) მხოლოდ III. თუმცა მათი კომბინაცია შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. გამოსაცდელი ირჩევს სავარაუდო პასუხებიდან ერთ-ერთს.

შესაბამისობის დავალება მოცემულია ცხრილის სახით, რომელიც ორი სვეტისგან შედგება. ერთ სვეტში მოცემულია დავალების პირობა (მაგ.: დებულება, მოვლენა, სიტუაცია და სხვ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (მაგ.: ცნებები, მიდგომები, სტრატეგიები, ავტორები და სხვ.). გამოსაცდელს ევალება სვეტებში მოცემული ინფორმაციის ერთმანეთთან შესაბამისობა. ასეთი დავალების ამოხსნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა გაითვალისწინოს: – B სვეტში მოცემული რომელიმე პასუხი შეიძლება არ შეესაბამებოდეს A სვეტში მოცემულ არც ერთ დებულებას; – B სვეტში მოცემული ერთ-ერთი პასუხი შეიძლება შეესაბამებოდეს A სვეტში მოცემულ ორ დებულებას; – ერთ-ერთ სვეტში მოცემული ჩამონათვალი შეიძლება მეტი იყოს მეორე სვეტის ჩამონათვალზე.

ღია დავალება აფასებს სიტუაციის ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარებს, აგრეთვე პრობლემის პრევენციასა ან დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების აღწერასა და მათი შესაძლო შედეგების შეფასებას. ამ ტიპის დავალებას არა აქვს ერთი სწორი პასუხი, რადგან შეიძლება დავალებაში აღწერილი პრობლემა სხვადასხვა კუთხით გაანალიზდეს ან ერთი და იგივე პრობლემა განსხვავებული გზით დაიძლიოს. სწორედ ამიტომ თითოეული ღია დავალებისთვის წინასწარ არის შემუშავებული შეფასების სქემა.

ღია დავალების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, სქემა და დავალების ნიმუში

იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს, ის უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს – დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული.

არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს.

შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით. თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით.

რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, იხილეთ აქ:
EDU.ARIS.GE–სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საჯარო სკოლებში 1908 სპეციალური მასწავლებელია. მათგან მაგისტრის სტატუსის მქონე მხოლოდ 12 უფროსი სპეციალური მასწავლებელია.

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური