GE

„სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებათ“ – წინარეხის სკოლის მოსწავლეები გაუსაძლის პირობებში

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის ერთადერთი საჯარო სკოლა საგანგაშო მდგომარეობაშია.  მთლიანად არის ჩამოშლილი გარე ფასადი, დაბზარულია კედლები, საიდანაც ბათქაში ცვივა. დაზიანებულია ჭერი, იატაკი და მწყობრიდან არის გამოსული სველი წერტილები.

სოფელ წინარეხის სკოლა 1882 წელს, საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული. დღეს სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

,,კედლები უკვე მორღვეულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის. როგორც შეგვიძლია ვუვლით, თუმცა პრობლემები არ ილევა“, – ამბობს სკოლის ხელოვნების პედაგოგი მაია თხინვალელი.

“არ გვაქვს სპორტული დარბაზები და ესეც დიდი პრობლემაა. მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებათ“, – აცხადებს სერგო ლაცაბიძე სკოლის სპორტის მასწავლებელი.

გაუსაძლისი პირობების მიუხედავად სკოლაში 20 მოსწავლე სწავლობს, აქედან ერთი პირველკლასელია. მოსწავლეები იძულებული არიან საბაზისო განათლება მძიმე პირობებში მიიღონ, რადგან სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ.

,,ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ. გვინდა, რომ ბავშვები კარგ პირობებში გვყავდეს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ სკოლაში კარგი პირობები იყოს, ისინი არ უნდა მიეჩვიონ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. მოსწავლე უნდა უყურებდეს ლამაზ და ნორმალურ გარემოს, რადგან მასში ჩამოყალიბდეს სწორი მხატვრული და კულტურული ღირებულებები“, – ამბობს სკოლის პედაგოგი თინათინ თვაური.

სკოლაში არ არის ცენტრალური გათბობა. საკლასო ოთახებს შეშის ღუმელით ათბობენ, თუმცა მორღვეული კედლების გამო, სითბოს შენარჩუნება სათანადოდ ვერ ხერხდება. სოფელში ამბობენ, რომ ასეთ პირობებში სწავლის გაგრძელება შეუძლებელია.

,,დაზიანებულია შენობა და აქ მოსწავლეების გაჩერება არ შეიძლება. ძველი შენობაა, რაც ნაწილობრივ საფრთხესაც უქმნის მოსწავლეების სიცოცხლეს“.

,,ერთი რომ იძრას შენობა, შიგ მოყვებიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ძალიან საშიში შენობაა“, –  ამბობენ სოფლის მაცხოვრებლები.

კასპის მერის წარმომადგენელი გვიყვება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის ახალი შენობა აშენდება. მისივე თქმით, სოფელში 60 მოსწავლეზეა გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

,,ამჟამინდელ სკოლაში მოსწავლეები გაჩერება შეუძლებელია. შენობა არანაირს სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სოფელს ახალი სკოლა ახალ სასწავლო წელს ექნება”, – აცხადებს კასპის მერის წარმომადგენელი ტატო აბულაძე.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური