GE
სქემა მასწავლებლის 360-გრადუსიან შეფასებას ააქტიურებს

პოდკასტი განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად EDU.ARIS.GE-ზე – მეორე ეპიზოდის მთავარი თემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში კიდევ ერთხელ განხორციელებულ ცვლილებებს დაეთმო – რამ განაპირობა ცვლილებების აუცილებლობა ან რა დამატებით მოთხოვნებსა და კომპეტენციებს უყენებს სახეცვლილი სქემა მასწავლებლებს და, საერთოდ, რა მოგვცა 10-წლიანმა პერიოდმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს პოდკასტში ჩვენი სტუმრებისგან მოისმენთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სახეცვლილი სქემის დეტალებზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიან – რა გზას გაივლიან მასწავლებლები სტატუსის ასამაღლებლად და რეალურად რთულდება თუ არა პედაგოგებისთვის კარიერული წინსვლა – როგორ უნდა შეფასდეს კომპლექსურად, თეორიულ ნაწილთან ერთად, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა.

მანანა რატიანი აცხადებს, რომ სქემაში ორი ძირითადი კომპონენტი გამოიკვეთა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს. პირველი – ეს არის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მთლიანობაში ინსტიტუციის განვითარება.

„აქამდე მასწავლებლები როგორც ინდივიდები წინაურდებოდნენ სქემაში, ამ ეტაპზე კი, საუბარია იმაზე, რომ მასწავლებელმა მთელი თავისი კომპეტენციები მოახმაროს სკოლის, როგორც ინსტიტუციის განვითარებას. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც სისტემას წაადგება. ჩვენ არ გვინდა ცალსახად აღებული კომპეტენტური მასწავლებელი, არამედ, ჩვენ გვჭირდება მასწავლებელი, რომელიც თავის კოლეგებთანაც ითანამშრომლებს, სკოლასაც დაეხმარება და მხარდაჭერას გამოუცხადებს, თუნდაც, ახალ კადრებს. შესაბამისად, სკოლა როგორც ინსტიტუცია განვითარდება.“

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, ანუ მეორე კომპონენტი სახეცვლილ სქემაში, მისივე განცხადებით, მასწავლებელთა შეფასებებს შეეხება და ცვლილების თანახმად, მათი წინსვლა შეფასებული იქნება მხოლოდ გარე მექანიზმებით. შეფასება დაიყოფა ორ კომპონენტად – თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად. თეორიულის გადალახვის შემდეგ მასწავლებელს უფლება ეძლევა, ჩაერთოს პრაქტიკულ კომპონენტში და შეფასდეს არა ერთი გაკვეთილის ხარჯზე (როგორც აქამდე ხდებოდა), არამედ -კომპლექსურად.

„ჩვენ გვექნება მასწავლებლის ე.წ. 360-გრადუსიანი შეფასება, რაც გულისხმობს იმას, რომ შევაფასებთ როგორც მის პორტფოლიოს, ისე მთლიანად მისი საქმიანობის ამსახველ ყველა მტკიცებულებას“,

აცხადებს მანანა რატიანი და ცვლილების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ სკოლებს ძალიან გაუჭირდათ ყოფილიყვნენ ობიექტურები მასწავლებლების შეფასებისას. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, სკოლები უფრო მეტად ლოიალურები იყვნენ საკუთარი მასწავლებლების მიმართ, ვიდრე ობიექტურები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერვიუდან პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათი გამოცდების შემოდგომაზე გადავადების მიზეზებს, სისტემაში დასაბრუნებელ გზებსა და სკოლაში მათი წასვლით გაჩენილ კადრების დეფიციტს შეეხება.

დღევანდელი მონაცემებით, 1570 პრაქტიკოსი მასწავლებელი გამოცდაზე არ დარეგისტრირდა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სკოლა მათ ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს. ამის გარდა, 4700-მდე პრაქტიკოსი, რომელიც დარეგისტრირებულია გამოცდაზე, შემოდგომაზე კიდევ ერთხელ გამოიყენებს სისტემაში დარჩენის შანსს. ცხადია, ამ შესაძლებლობას და თითოეულის ბედს გამოცდების შედეგები გადაწყვეტს – გახდება უფროსი მასწავლებელი და გააგრძელებს სკოლაში მოღვაწეობას, თუ დატოვებს სისტემას და აღმოჩნდება იმ უსტატუსო მასწავლებლობის მსურველთა რიგში, რომელთა რიცხვი ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაინც, რა გეგმა აქვს სამინისტროს კადრების სერიოზული დეფიციტის გაჩენის შემთხვევაში და როგორ აპირებს გამოთავისუფლებული ადგილების ახალი კადრებით შევსებას? ამის შესახებ ვრცლად მოისმინეთ პოდკასტში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ინტერვიუ, სადაც „მასწავლებლის სახლის“ დირექტორი აცხადებს, რომ:

„ეს იქნება მეორე ფანჯარა, როცა ამხელა ტალღა პედაგოგებისა შეიძლება შევიდეს სკოლაში. მესამე ტალღა – უფრო დიდი ტალღა იქნება გაისისთვის, იმ მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოგვიწევს ახალი კადრების მოზიდვა.“

გეგმა რეზერვიც არსებობს და ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, ეს დისტანციური სკოლის ამოქმედებას უკავშირდება, მანამ, ვიდრე, მოკლე დროში, ახალი კადრების მომზადებას შეძლებენ. თუმცა, აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ინტერვიუში ითქვა: სკოლას, თუ ის ვერც ერთი გზით ვერ შეძლებს სკოლაში გაჩენილი ვაკანსიის შევსებას, უფლება ეძლევა, გარკვეული დროით, უსტატუსო მასწავლებელი დაიტოვოს სკოლაში, რომ გაკვეთილები არ გაცდეს.

მოუსმინეთ პოტკასტს განათლებაზე edu.aris.ge -ზე და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია სქემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე, მათ შორის იმაზეც, რა ბედი ელით სისტემაში მყოფ არაქართულენოვან მასწავლებლებს, რომლებსაც კარიერული წინსვლა ამ ხნის განმავლობაში ვერ შეეხოთ და ყველაზე მთავარ კითხვებზე – როგორ გახდე წამყვანი ან მენტორი და მოუწევს თუ არა მასწავლებელს სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა? ან როგორია სისტემის გარეთ აღმოჩენილი (ყოფილი პრაქტიკოსების) ანუ უსტატუსოების გზა ისევ მასწავლებლობამდე? – ამ ყველაფერზე ამომწურავ პასუხებს თქვენ მიღებთ ინტერვიუს სრულ ვერსიაში edu.aris.ge -ზე პოდკასტში განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად.

მოუსმინეთ სრულ აუდიოვერსიას

=
პირველი ეპიზოდი

პანდემიის ნაკვალევი განათლებაში – გაღრმავებული უთანასწორობის ფონზე რეალობას აცდენილი საგანმანათლებლო მიზნები

aris.ge-adm