GE

„სქემაში დაწინაურებულ მასწავლებელს სტატუსი აღარ ჩამოერთმევა“ – ცვლილებათა პაკეტი მთავრობას წარედგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, რომ მასწავლებელთა სქემაში სხვადასხვა ცვლილება 2019 წელს ეტაპობრივად განხორციელდება.

„გუშინ წარვადგინეთ მთავრობაზე ინიციატივა, რაც გულისხმობს არსებულ სქემაში ცვლილებას, სქემა იქნება მოქმედი 2019 წლის ბოლომდე, თუმცა მასში ეტაპობრივი ცვლილებები შევა, რაც იქნება მასწავლებლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი“, – ამბობს აბულაძე.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს რადიკალური ცვლილებები ვერ განხორცილდება, ბიუროკრატიული ბარიერების არსებობის გამო, მაინც საჭიროა ცვლილებები, უმთავრესი ცვლილება კი შეეხება დაწინაურებული მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევის ნაწილს. მასწავლებლისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი მოიხსნება და მათ შეუნარჩუნდებათ მიღწეული სტატუსი.

„ცვლილება შედის სტატუსის ჩამორთმევის ნაწილში. იყო ასეთი ელემენტი  რომ მივაღწიე სტატუსს და კრედიტების რაოდენობა უნდა დავაგროვო რომ ეს სტატუსი არ დავკარგო. ეს გავაუქმეთ, იმიტომ რომ როდესაც მასწავლებელი, მენტორის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ის ადასტურებს კომპეტენციას. როგორ შეიძლება, შემდეგ კომპეტენცია გქონდეს და თან აღარ გქონდეს. ერთია, რომ გაქვს კომპეტენცია და მეორე – რას აკეთებ შენ ამ კომპეტენციით. შესაბამისად ჩვენი შეთავაზება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე შევა პარლამენტში, გულისხმობს სახელშეკრულებო ელემენტის გაჩენას მასწავლებლებთან. ამ ეტაპზე მენტორია, წამყვანია თუ უფროსია, ყველა ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, უბრალოდ სტატუსები განსხვავდება. ეს საკითხი კონტრაქტებით დარეგულირდება და ვფიქრობთ, რომ მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, ირინა აბულაძემ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა სქემაში დაგეგმილი და აქამდე ცნობილი ცვლილებებიც:

„მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი გაუქმდება, ეს ბიუროკრატიული ბარიერი მოვხსენით, რადგან შინაარსობრივ სურათს აღარ იძლეოდა და ქონდა ფორმალური ხასიათი და მესამე, პრაქტიკოს მასწავლებლებს ეკრძალებოდათ 5 კრედიტქულაზე მეტის დაგროვება და ეს შეზღუდვაც მოვხსენით, პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვებაზე შეზღუდვა აღარ ექნებათ“, – აღმნიშნა ირინა აბულაძემ.

ამავე თემაზე:

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

ზაფხულის გარდა მასწავლებელთა გამოცდა ნოემბერშიც ჩატარდება – ახალი შესაძლებლობა და სიახლეები პრაქტიკოს მასწავლებლებს

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური