GE

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობით ჩატარდება და მშობელი გაყვება ბავშვს ღამის კლუბშიც – „ბავშვთა უფლებების კოდექსი“

პარლამენტში „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, ინიციატივის ავტორ სოფო კილაძის განაცხადებით გარკვეული ჯგუფების საუბრები იმის შესახებ, რომ კოდექსი გმობს ტრადიციებს და გარყვნილებას აკანონებს, არის გადაჭარბებული.

„მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით საქართველოში ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. და ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ, ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ  უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება ზოგჯერ სამართლიანი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება. სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით”, – თქვა კილაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა ძალადობისა ბულინგის საკითხები და ეს ასახული იქნება კოდექსში.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ეს კოდექსი, როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში და საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დაუცველნი არიან როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ასევე ერთმანეთში ჩაგვრის და ძალადობის კუთხით, ე.წ. ბულინგის კუთხით, რამაც ძალიან ცუდი ფორმები მიიღო, სამწუხაროდ. ჩემს ბავშვობაშიც იყო, მაგრამ ასეთი, რასაც ახლა ვუყურებ, ნამდვილად არ იყო. ჩემი მშობლების თაობაში კიდევ უფრო ნაკლებად. რაღაც სერიოზული ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც კატასტროფის წინაშე დავდგებით“, – განაცხადა კილაძემ.

მისივე განმარტებით რეგულაციები იქნება ღამის კლუბებში მშობლების მიერ შვილებიც შეყვანაზეც.

„შენიშვნა იყო, 64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24:00 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო ეს იყო ძალიან სწორი შენიშვნა. ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე [არ დაიშვებიან].

რომელი საათიდანო – თეორიულად საფრთხის შემცველი იყო ეს და ამიტომ ვთქვით ეს, რომ 18:00 საათიდან 24:00 საათამდე“, – თქვა სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი“ არის პირველი დოკუმენტი საქართველოში, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ბავშვებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც განათლების, ასევე ძალადობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური