GE

„გამოცდის წინა ღამეს აბიტურიენტმა უნდა დაიძინოს არაუგვიანეს 11 საათისა“ – ოჯახის ექიმის მითითება აბიტურიენტებს წარმატებისთვის

4 ივლისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. წინასაგამოცდო სტრესთან ბრძოლა ყველა გამოსაცდელისთვის ცალკე გამოწვევაა. ფსიქოლოგებთან ერთად, მედიკოსებიც აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საგამოცდო სტრესი და გადაღლილობა ვნებს გამოსაცდელის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რაც შემდგომ, პირდაპირ აისახება გამოცდის შედეგებზე.

რატომ არის საგამოცდო ღელვა კარგი? – ფსიქოთერაპევტი აბიტურიენტებს დამშვიდების ტექნიკებს ასწავლის

ოჯახის ექიმი ქეთი კრაწაშვილი, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ წინასაგამოცდო პერიოდში კიდევ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს სხვადასხვა ჩივილებით, რომელთა უმეტესობაც სტრესთან და დაღლილობასთან არის დაკავშირებული. სპეციალისტი გვიხსნის, რომ ჯანმრთელობა ენერგია და ძალაა, რომლის ნაკლებობაც ხელისშემშლელ ფაქტორს ქმნის ნებისმიერი საქმის შესრულებისთვის. ამიტომ, ყველას იმ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელსაც ის და მისი კოლეგები საკუთარ პაციენტებთან გასცემენ.

ქეთი კრაწაშვილი: გამოცდები სტრესულია არა მხოლოდ გამომცდელებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. სტრესისა და დაძაბულობის მდგომარეობაში გადაჭარბებულია ბევრი რამ და ხშირად, არასწორ დიაგნოზს უსვამენ საკუთარ თავს, რადგან აწუხებთ ენერგიის ნაკლებობა, უჩივიან დაღლილოობას, თავის ტკივილს, ზედმეტ ემოციებს. ჩემი რეკომენდაციაა, რომ არ მოერიდოთ ექიმთან კონსულტაციას, რადგან ჯანმრთელობის შენარჩუნება ნებისმიერ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია’’.

– როგორც აღნიშნეთ, აბიტურიენტები და სხვა გამოსაცდელებიც გაკითხავენ დაღლილობით და სტრესით გამოწვეული ჩივილებით, ასეთ დროს რა არის თქვენი რეკომენდაცია?

– პირველ რიგში, ვსწავლობთ ჩივილებს და ამის მიხედვით ვამისამართებთ სხვადასხვა სპეცილისტთან თუ, რა თქმა უნდა, არის ამის საჭიროება. ექიმები ყველას ვურჩევთ, დაარეგულირონ ძილისა და კვების რეჟიმი. არ შეიძლება შიმშილი, ღამის თენება, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მომდევნო დღის რეჟიმზე. გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებს აბიტურიენტი, რომელსაც ფურცლებზე დაეძინება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მეტი ყურადღება მართებთ. მშობელი უნდა იყოს ყურადღებით ამ მხრივ. მეცადინეობა უნდა მიმდინარეობდეს მთელი წლის განმავლობაში და მხოლოდ ბოლო დღეებისთვის მისი შენახვა და გადატვირთვა საპირისპირო შედეგის მომტანი იქნება, დააზარალებს გამომცდელის ჯანმრთელობას.

– მშობლები ახსენეთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეთ ამ პროცესში და პირადად მათ რას ურჩევდით?

– მშობელს ბევრი რამ შეუძლია: აკონტროლოს აბიტურიენტის მეცადინეობა მთელი წლის მანძილზე, გამოცდის წინა დღეებში მაქსიმალურად დაეხმაროს ნასწავლის გამეორებაში, პატარა მინი გამოცდების მოწყობაში. ასეთი ექსპერიმენტული გამოცდები, როგორც კვლევები აჩვენებს, არის ძალიან ეფექტური გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის, რადგან ეტაპობრივად ამზადებს საგამოცდოდ და განწყობის შექმნაშიც ეხმარება. მშობელმა, პირველ რიგში, თავად უნდა მართოს ემოციები და მხოლოდ პოზიტიური სტიმულები მიაწოდოს.

– ხშირად აბიტურიენტები კითხულობენ რამდენად შეიძლება დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება გამოცდის წინ, თქვენ რას ურჩევდით?

– დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება არ არის რეკომენდებული გამოცდის წინ, თუ არ არის გამოხატული სომატური ჩივილები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, გულის წასვლა და ა.შ. ჩვეულებრივი ემოციური ფონის მატება დამახასიათებელია გამოცდებითვის და დაიწყებს თუ არა წერას, ნელნელა ის აუცილებლად დამშვიდდება. თუმცა, როგორც წეღან აღვნიშნე, თუ სომატიკაა გამოხატული, აბიტურიენტს შეუძლია კორსიზი, 1 ტაბლეტი დალიოს. ეს დაეხმარება დამშვიდებაში.

– აპლიკანტებს აინტერესებთ რა გააკეთონ გამოცდის წინა დღეს და რა არ უნდა გააკეთონ, თქვენი რეცეპტი როგორია?

– გამოცდის წინა ღამეს აბიტურიენტმა უნდა დაიძინოს არაუგვიანეს 11 საათისა. სრულყოფილი ძილის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომელიც ორგანიზმს დღის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განეიტრალებაში ეხმარება. დასვენებული ნერვული სისტემა უკეთესად მუშაობს, უკეთესად აღიქვამს და გამოცდაზე აბიტურიენტი უკეთ იხსენებს ყველა იმ მასალას, რომელიც უნდა დაწეროს ან მოყვეს. თუ ყველა ამ რეკომენდაციას შეასრულებს, ძალიან დიდია შანსი, რომ გამოცდები წარმატებით ჩააბაროს.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

ამავე თემაზე:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური