GE

სსსმ მოსწავლეებს სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილება შეეძლებათ

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ახალი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმირებულები არიან სკოლებიც. რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათთვის დასწრებითი სწავლების პირობებში განსხვავებული რეკომენდაციები იმუშავებს.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განახლებული რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის პირბადის მოხმარების წესებსაც ითვალისწინებს.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

სსსმ მოსწავლეთა მშობლებს ასევე შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ დისტანციურ და დასწრებულ სწავლებას შორის და სურვილის შემთხვევაში დაარეგისტრირონ მოზარდი სპეციალურად შექმნილ პორტალზე და მოსწავლემ სახლის პირობებში, დისტანციური ფორმით განაგრძოს სწავლა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური