GE

სტუდენტები განათლების მინისტრს მიმართავენ: დაფინანსების არსებული წესით თანასწორობის პრინციპი ირღვევა

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები განათლების მინისტრს პეტიციით მიმართავენ. მათი განცხადებით უნივერსიტეტებში დაფინანსების არსებული წესი ხარვეზებს შეიცავს.

კონკრეტულად საუბარია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების ნაწილს სწავლა არ უფინანსდება. EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:

საქართველო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს

ბატონო მიხეილ! მოგეხსენებათ, 2009 წლიდან საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა განათლების მხრივ მოხდა ერთგვარი „გარღვევა“: ამოქმედდა საშეღავათო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს სასწავლებლებში უმცირესობათა მიღების წესი განსხვავებულია: შემოღებულია კვოტირების სისტემა, რაც გულისხმობს სომხურ, აზერბაიჯანულ ოსურ და აფხაზურენოვან სტუდენტთათვის კვოტის გამოყოფას მთლიანად ამ უმაღლეს სასწავლებელში გამოყოფილი ადგილებიდან (5-5 პროცენტი – აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისთვის, 1-1 პროცენტი – ჩვენი ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი მოქალაქეებისათვის).

ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევის მიხედვით,  განხორციელებული ცვლილებები შეფასებულია, როგორც უაღრესად ეფექტური, შედეგიანი და წარმატებული: ათასობით ახალგაზრდა აღარ მიემგზავრება უცხო ქვეყნებში (სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში) უმაღლესი განათლების მისაღებად – მათ უკვე მიეცათ საშუალება, ერთი მხრივ – სრულფასოვნად შეისწავლონ სახელმწიფო ენა ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში, დაეუფლონ მათთვის სასურველ ნებისმიერ პროფესიას საბაკალავრო პროგრამებზე.

შედეგი აშკარად თვალსაჩინოა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მიმდინარე ე.წ. „1+4“ პროგრამები ყოველთვის გრძნობდნენ აქტიურ მხარდაჭერას; უნდა ითქვას, რომ განვლილი წლების განმავლობაში უკვე 22 უმაღლეს (მათ შორის – კერძო) სასწავლებელში ფუნქციონირებს აღნიშნული პროგრამა.

2010 წლიდან მოყოლებული, საშეღავათო პოლიტიკით უკვე ისარგებლა ათასობით ჩვენმა მოქალაქემ; მხოლოდ წელს კვოტირების სისტემით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 1500-ზე მეტი აბიტურიენტი. რასაკვირველია, არის გარკვეული ხარვეზები, პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც, თქვენი დახმარებით და თანადგომით, თანდათან ვახერხებთ; ქართულ ენაში მომზადების არსებული პროგრამები იხვეწება, უმჯობესდება. 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის პირველ ნახევარში ამ პროგრამებმა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაიარა ხელახალი აკრედიტაცია, შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო ქართულ ენაში მომზადების პროგრამამ რამდენიმე ახალ კერძო სასწავლებელში.

თუმცა, არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უშუალო ჩარევის გარეშე ვერ ხერხდება: კერძოდ, ეს ეხება კვოტირების სისტემით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მოხვედრილი სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს და, არაერთი რეკომენდაციისა თუ განხილვის მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე არ შეცვლილა. საქმე ის გახლავთ, რომ 1+4  სტუდენტთა სწავლის დაფინანსება შეზღუდულია იმ პრიორიტეული მიმართულების პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება.

2020 წლის 11 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №91/ნ ბრძანების მიხედვით (2020 – 2021 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე), მეექვსე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება“.

მოგეხსენებათ, საშეღავათო პოლიტიკა გულისხმობს უმცირესობებისთვის ქვეყნის სხვა მოქალაქეთა თანაბარი პირობების შექმნას; ვფიქრობთ, ეს უნდა ვრცელდებოდეს დაფინანსების წესზეც. ფაქტია, რომ აღნიშნული ბრძანების (დაფინანსების წესს ვგულისხმობთ) მიხედვით, თანასწორობის პრინციპი ირღვევა. მართალია, 1+4 სტუდენტებისთვის გამოყოფილია გრანტი, თუმცა, დაგვეთანხმებით, საგრანტო დაფინანსება დაფინანსების სრულიად განსხვავებული წყაროა (გრანტით ასევე სარგებლობენ სხვა სტუდენტებიც) და პროგრამულ დაფინანსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური