GE

სტუდენტებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსი გამოაცხადა – მონაწილეობის პირობები და ვადები

საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში:

პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი. საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.

კონკურსის ეტაპები:

უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადდა 2021 წლის 29 დეკემბერს.
  • საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების და საბუთების უნივერსიტეტის კანცელარიაში წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 7-დან 18 თებერვლის ჩათვლით.
  • საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 21 თებერვალს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება 2022 წლის 14 მარტს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2022 წლის 14 აპრილს.

გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 23 აპრილს ორბელიანების სასახლეში.

საკონტაქტო ინფორმაცია: კოორდინატორი: ირინე შენგელია – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
ელექტრონული მისამართი: info@president.gov.ge
სატელეფონო ნომერი: (+995) 599 147 168

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური