GE

სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, კურსდამთავრებულთა რაოდენობა კი იკლებს

2019 წლის ერთიანი  ეროვნული გამოცდების ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 28 740 -მდე სტუდენტი დაემატა, სწორედ ამდენმა ადამიანმა გადალახა მინიმალური კომპეტენცის ზღვარი. 

EDU.ARIS.GE არსებული სტატისტიკით დაინტერესდა, აღმოჩნდა რომ, საქართველოში წლების მანძილზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლებშიც სტუდენტთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა იკლებს კურსდამთავრებულთა ოდენობა.

მაგალითად 2016-17 სასწავლო წლებში სახელმწიფოს სასწავლებლებში სტუდენტთა რიცხოვნობა (იგულისმება ყველა საფეხური) იყო 91 700, კერძო უნივერსიტეტებში – 48 500. 2017-18 სასწავლო წლებში სახელმწიფოში – 94 000 სტუდენტი, კერძოში – 50 000 სტუდენტი. 2018-19 სასწავლო წლებში კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა 95 900 სტუდენტი, კერძოში – 51 800.

სტუდენტთა ყველაზე დიდი ციფრი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ფიქსირდება ბაკალავრიატის საფეხურზე და ყველაზე ნაკლები პროფესიულ პროგრამებზე.

საინტერესოა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა მიღების მაჩვენებელიც ზრდადი ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა გამონაკლისი იყო გასული სასწავლო წელი, როცა მიღებული სტუდენტების რიცხვი უმნიშვნელოდ შემცირდა წინა წელთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით, 2017-18 წლებში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს 28 000 სტუდენტი, კერძოში -17 000,  2018-19 წლებში კი სახელმწიფო სასწავლებლებში ჩაირიცხა 27 800 სტუდენტი, კერძოში- 13 800.

რაც შეეხება სწავლის დასრულების მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 16 700-მა ადამიანმა, კერძო – 7000-მა, 2017 წელს სახელმწიფო – 19 000-მა, კერძო – 8000-მა, 2018 წელს სახელმწიფო – 17 800-მა, კერძო – 6400-მა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება უცხოელ სტუდენტთა რიცხვიც, განსაკუთრებით მაგისტრატურის საფეხურზე. მაგალითად თუ 2015-16 სასწავლო წლებში ბაკალავრიატზე სწავლობდა 3822 უცხოელი სტუდენტი, მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურაზე – 2805 სტუდენტი. 2018-19 სასწავლო წლებში ბაკალავრიატის სტუდენტების რიცხვი შეადგენდა 2681-ს, ხოლო მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურა, სულ – 9550 სტუდენტი. უცხოელ სტუდენტებში მცირეა პროფესიული პროგრამებით მოსარგებლეთა რიცხვი. 2018-19 სასწავლო წელს ამ მიმართულებაზე ირიცხებოდა სულ 3 სტუდენტი.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, 19 სახელმწიფო და 44 კერძო უმაღლესი სასწავლებელი არსებობს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური