GE

სურვილი 19 სპორტსმენს ჰქონდა, უნივერსიტეტში უგამოცდოდ კი, შესაძლოა, მხოლოდ ლაშა ტალახაძე ჩაირიცხოს

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უგამოცდოდ სწავლის დაწყებას, სავარაუდოდ, მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე შეძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას EDU.ARIS.GE დღეს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან შეეცადა.

ჯემალ ძაგანია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უმაღლესში ჩაბარების სურვილი 19-მა ოლიმპიელმა სპორტსმენმა გამოთქვა. აქედან 6-მა ოლიმპიადის პრიზიორმა განაცხადიც შეიტანა (დანარჩენებს უფლება არ ჰქონდათ), მაგრამ კანონით დადგენილ ჩასარიცხად დაწესებულ კრიტერიუმებს, ამ მომენტისთვის მხოლოდ ლაშა ტალახაძე აკმაყოფილებს.

რექტორის ინფორმაციით, უნივერსიტეტში განაცხადი სულ 6 სპორტსმენს აქვს შეტანილი: ლაშა ტალახაძეს, ლაშა შავდათუაშვილს, გურამ თუშიშვილს, ვაჟა მარგველაშვილს, გენო პეტრიაშვილსა და იაკობ ქაჯაიას. თუმცა, კანონით დადგენილ ნორმებს მხოლოდ ტალახაძე აკმაყოფილებს. დანარჩენი სპორტსმენების ჩარიცხვის თხოვნით, სპორტის უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს მიმართა და საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

,,ამ ექვსი ადამიანიდან ვინ დაიწყებს სწავლას სპორტის უნივერსიტეტში კითხვის ნიშანია დასმული. იმიტომ, რომ პროექტში ასე ეწერა და დადგენილებაში, გარდამავალ დებულებაში დაწერეს, რომ მხოლოდ ტოკიოს ჩემპიონებიო და ჩემპიონი მხოლოდ ლაშა ტალახაძე გვყავს, რომელმაც ჩვენთან სწავლის სურვილი გამოთქვა. ტალახაძე გარდაუვალია, სტუდენტი იქნება 100%-იანი და დანარჩენებზე უნდა წავიდეს მთავრობაში მსჯელობა“, – აცხადებს სპორტის უნივერსიტეტის რექტორი.

უგამოცდოდ სწავლის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 14 სექტემბერს მიიღო. მთავრობის აღნიშნული დადგენილება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრების უგამოცდოდ ჩარიცხვას გულისხმობს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან, ან მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებენ. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის პრივილეგიით შემდეგი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ, თუმცა წელს გამონაკლისი მხოლოდ იმ სპორტსმენებისთვის დაიშვა, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს.

სპორტის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ვინ გახდება ლაშა ტალახაძესთან ერთად სტუდენტი უგამოცდოდ, ამაზე ზუსტი პასუხი კვირის ბოლოს იქნება ცნობილი. მისი თქმით, იდეის ინიციატორი თავად იყო.

,,ეს იყო ჩემი ინიციატივა. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორიც არის. ერთ მაგალითს გეტყვით, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართა 1896 წელს, ათენში. ამერიკის გუნდი ჩამოვიდა და ერთ-ერთი ნაკრები გუნდის წევრი იყო ვინმე ჯეიმს კონორი, რომელიც სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და არ უშვებდნენ ამ ოლიმპიურ თამაშებზე, გაგრიცხავთო. ამან არ დაუჯერა, წამოვიდა და გარიცხეს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. მაგრამ ეს კაცი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. რომ დაბრუნდა და გაიგეს, აღადგინეს ჰარვარდის უნივერსიტეტში და მეორე დღეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს, ოლიმპიურ ჩემპიონს. ამხელა დონეა და აი, ამიტომ მივმართეთ, ადრე უნდა გაეკეთებინა ეს“, – ამბობს ჩვენთან საუბარში სპორტის უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური