GE

სწავლის დაწყების დღეს, 2021 წლის პირველკლასელებმა შესაძლოა, ბუკები ვერ მიიღონ – „მოწოდება საკმაოდ შეფერხებულია“

2021-2022 სასწავლო წლის დასწყისში საჯარო სკოლების პირველკლასელებმა, შესაძლოა ბუკები ვერ მიიღონ. ამის შესახებ 14 ივნისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმებულია და სახელმწიფო ტექნიკას ყიდულობს, თუმცა მსოფლიოში არსებული სხვადასხვა პროცესების გამო, მოწოდების პროცესი შეფერხებულია.

„რაც შეეხება პირველ კომპიუტერებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მოწოდების ვადები არის იმის მიხედვით, რაც ჩვენ გვჭირდება, თუმცა იმის რისკი ნამდვილად არსებობს, რომ შეიძლება ცოტა დაგვიანებით იყოს მოწოდებული. მოწოდება იქნება ნამდვილად და არც ერთ პირველკლასელს ხელი არ შეეშლება, კომპიუტერით სწავლების პროცესში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა შეიძლება, პირველ სექტემბერს ყველა კომპიუტერი ჩამოტანილი ვერ იყოს. ამის გარკვეული რისკები არსებობს, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, რომ ვადები დაირღვეს, თუმცა რისკი არსებობს, ვინაიდან მოწოდება საკმაოდ შეფერხებულია, მსოფლიო მასშტაბით არსებულის სხვადასხვა პროცესების გამო. იმედი გვაქვს, რომ დიდი გადაცდომა არ იქნება და მივიღებთ სათანადო რაოდენობას, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასწავლო პროცესის შეფერხება ამ კუთხით არ იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

პირველკლასელთა ბუკების შესყიდვის ხელშეკრულება სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 11 მაისს გააფორმა. ბუკების საორიენტაციო რაოდენობა 45 500 ერთეულია, შესყიდვის ღირებულება კი ჯამში 40 950 000 ლარს შეადგენს.  მიმწოდებელი კომპანია „იუ-ჯი-თი“-ა, რომელიც აღნიშნული ტექნიკით განათლების სამინისტროს წლებია ამარაგებს.

ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველმა კომპანიამ acer-ის ფირმის ნეტბუკები, საგანმანათლბელო რესურსცენტრებს 15 სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს. აღნიშნულ ტექნიკის ნაწილს იყენებენ ასევე ეროვნულ გამოცდებზე.

პირველკლასელის სასაჩუქრე კომპიუტერი სახელმწიფოს 330 ლარით გაუძვირდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური