სწავლის დაწყების შემდეგ გრიპით დაავადების შემთხვევებმა შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ პიკურ მაჩვენებელს არ მიაღწევს – რეკომენდაციები

პედიატრი თემურ მიქელაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ სკოლებსა და ბაგა–ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ შესაძლოა, მეტ–ნაკლებად მოიმატოს.

„რა თქმა უნდა, სწავლის დაწყების შემდეგ, შესაძლოა, მეტ–ნაკლებად მოიმატოს, თუმცა, არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს რაც მანამდე გვქონდა“, – აცხადებს ის.

როგორც ცნობილია, H1 N1 გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა 21 იანვრამდე გადაიდო.

რეკომენდაციები საზოგადოებას გრიპის სეზონურ გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან:

„გრიპის სეზონური გავრცელების გამო საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების სეზონზე გრიპის ვირუსის აქტივობა საქართველოში გამოვლინდა 45-ე კალენდარული კვირიდან. გრიპისმაგვარი დაავადებების ფარდობითი მატება დაიწყო 2018 წლის ბოლოდან, თუმცა გავრცელების მაჩვენებელი არ აღემატება ეპიდემიურ  ზღურბლს. ამასთან, გრიპის გავრცელების მატების ტენდენცია აღინიშნება მთელი ჩრდილო ნახევარსფეროსა და მ.შ. ევროპის რეგიონში.

გრიპის სეზონური გავრცელებით გამოწვეული საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

  • ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
  • ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
  • კონტატური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.
  • გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
  • გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

სკოლებში სწავლის დაწყება 21-იანვრამდე გადაიდო – რეკომენდაციები განათლების სამინისტროსგან

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი