GE

სწავლისას ხელნაწერი უფრო გვამახსოვრდება, ვიდრე ელექტრონულად ჩანიშნული ინფორმაცია – კვლევის შედეგები

პერსონალური კომპიუტერები ლეპტოპებმა, ლეპტოპები კი ტაბლეტებმა ჩაანაცვლა და საბოლოოდ, ტექნოლოგიამ კალმისა და ფურცლის ადგილი ნაწილობრივ დაიკავა. მობილურში ჩანიშვნების გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად შეგიძლიათ და უფრო მოსახერხებელიცაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძველმოდურ ჩვევებსაც აქვს გარკვეული უპირატესობები.

ერთი მხრივ, ლეპტოპებსა და პლანშეტებს ადვილად შეუძლია ყურადღება გადაგატანინონ სხვა რამეზე და სულ დაგავიწყდეთ, რას წერთ. მარტივია, დააწკაპუნო და შეხვიდე „facebook“-ზე. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ ნელა გაკეთებული ჩანიშვნები უფრო დიდი ხნის განმავლობაში გვამახსოვრდება, ვიდრე მობილურში სწრაფად ჩაწერილი.

პრინტსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი მილერი და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი დანიელ ოფენჰეიმერი შეეცადნენ დაედგინათ ხელნაწერის გავლენა სწავლების ხარისხზე. კვლევის შედეგები ჟურნალ Psychological Science-ში გამოქვეყნდა.

„როდესაც რაიმეს ინიშნავენ, ცდილობენ, ზუსტად ისე ჩაწერონ რაღაცები, როგორც ესმით და კრეფენ ყველაფერს, რაც ესმით. კვლევაში მონაწილე სტუდენტები აიძულეს უფრო შერჩევით გაეკეთებინათ ჩანიშვნები, რადგან შეუძლებელია დაწერო იმ სისწრაფით, როგორც კლავიატურაზე კრეფ“, – განუცხადა მიელერმა NPR– ს.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ შენიშვნების გაკეთების ორი გზა არსებობს: კატეგორიზიაცია და დაუმუშავებელი ინფორმაციის ჩაწერა. პირველი მათგანი ინფორმაციის ჩანიშვნემადე გონებაში გადამუშავებას და გაფილტვრას გულისხმობს.

პირველი კვლევა ფსიქოლოგიის სტუდენტებზე ჩატარდა. მათ TED-ის შოუ ჩაურთეს, სადაც სპიკერი სხვადასხვა თემებს განიხილავდა. მონაწილეთა ნაწილი მოსმენილს ხელით, მეორე ნაწილი კი ლეპტოპში ინიშნავდა. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელნი უფრო მეტ ინფორმაციას იწერდნენ, ვიდრე პირველნი.  შემდეგ სტუდენტებს დაუსვეს შეკითხვები და აღმოჩნდა, რომ მიღებული ცოდნა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რას ეხება შეკითხვა. მაგალითად, წლებთან დაკავშირებულ შეკითხვებს ორივე მათგანმა ერთნაირად უპასუხა, ხოლო სააზროვნო შეკითხვებზე პასუხებში მნიშვნელოვნად მოიკოჭლეს მათ, ვინც ინფორმაცია ელექტრონულად ჩაინიშნა.

მეორე კვლევის დროს სტუდენტები გააფრთხილეს, რომ არ ჩაეწერათ ინფორმაცია სიტყვასიტყვით, მაგრამ შედეგი აქაც იგივე იყო – სტუდენტებმა ვერ დაძლიეს ლეპტოპებში ზუსტად იმ ფორმით ჩაწერის სურვილი, როგორც ესმოდათ.

მესამე კვლევისას კი შეკითხვების დასმამდე ცდისპირებს საშუალება მისცეს გადაეხედათ თავიანთი ჩანაწერებისთვის. ამ შემთხვევაშიც უკეთ ის სტუდენტები მოემზადნენ, რომლებსაც ჩანაწერები ხელით ჰქონდათ გაკეთებული.

წყარო: npr.org

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური