GE

სწორად მეცადინეობის ტექნიკები აბიტურიენტებს სამოქალაქო განათლებაში და სპეციალისტის რჩევა უნივერსიტეტებს

2023 წლის აბიტურიენტების დიდი ნაწილი ახლა მეცადინეობის აქტიურ ფაზაშია და ზაფხულის გამოცდებისთვის ემზადება.  EDU.ARIS.GE-აგრძელებს სტატიების სერიას მისაღები გამოცდების სხვადასხვა საგნებში სწორად მეცადინეობისა და მომზადების შესახებ და დღეს ჩვენი ინტერესის ობიექტია სამოქალაქო განათლება.

ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება – როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა სწორად ქართულის ტესტის დავალებებზე

როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა უცხო ენის ტესტის დავალებებზე სწორად – სპეციალისტის რეკომენდაციები და მაგალითები

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სამოქალაქო განათლების არჩევით საგნად ჩაბარების უფლება, აბიტურიენტებს 2017 წლიდან დღემდე ეძლევათ, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა 2021 წელი. როცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, თავად აერჩიათ რომელ საგანმანათლებლო პროგრამებზე რომელ დამატებით საგნებს მოითხოვდნენ, აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს სამოქალაქო განათლება არ ჰქონდა მითითებული და სწორედ ამ მიზეზით, 2021 წელს, სამოქალაქო განათლების გამოცდა საერთოდ არ ჩატარებულა.

2022 წლის მისაღებ გამოცდებამდე რამდენიმე უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და სამოქალაქო განათლება არჩევით საგანთა სიაში დაამატა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, სამოქალაქო განათლება წინა წელს 501-მა აბიტურიენტმა აირჩია, მათგან 12.38 %-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.

სამოქალაქო განათლებაში აბიტურიენტების სწორად მომზადებისა და მეცადინეობის შესახებ საგნის სპეციალისტი, თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის 163-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ნატო ქიმაძე გვესაუბრება, რომელიც აბიტურიენტების გარდა, ამ საგანში პედაგოგებსაც ამზადებს. EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ასევე ისაუბრებს იმაზეც, თუ რა უპირატესობები აქვს სამოქალაქო განათლებას არჩევით საგნად ჩაბარებას და რატომ ურჩევს უნივერსიტეტებს, მოითხოვონ ეს საგანი.

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

– ნატო, თქვენ მოუწოდებთ უმაღლესებს, რომ არჩევითი საგნების ჩამონათვალში სამოქალაქო განათლება შეიტანონ. რა არის თქვენი არგუმენტი ამ დროს?

– პირველ რიგში გეტყვით, რომ სამოქალაქო განათლება არის საგანი, რომელიც ერთგვარად უზრუნველყოფს მოსწავლეთა განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, აქტიური მოქალაქეობის გააზრებას, მშვიდობიანად თანაარსებობას და ა.შ. საგანი ისწავლება ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით. (პროექტული სწავლება, დისკუსია, დებატები და სხვა) მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ელიან ხოლმე გაკვეთილს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მოსწავლე მაქსიმალურად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, მოსწონთ და ინტერესდებიან. ეს ყოველივე, რაც ჩამოვთვალე ერთგვარ უპირატესობასაც წარმოადგენს საგნის არჩევისას. პირადად მე, არ შემხვედრია მოსწავლე, რომელიც იტყვის, რომ ეს საგანი არ აინტერესებს. ასეთ დროს, და დიახ, საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტები უფრო მონდომებული უნდა იყვნენ, არჩევანი ამ საგანზე გააკეთონ. ვნახოთ, წელს როგორ იქნება. გეტყვით, რომ ამ მხრივ გამონაკლისია თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც 2022-2023 სასწავლო წელს სამოქალაქო განათლების საგანი, როგორც დამატებითი, არჩეულ იქნა შემდგომ ფაკულტეტებზე: საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალი, ასევე სამოქალაქო განათლებას სხვადასხვა მიმართულებაზე ირჩევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ეს, რასაკვირველია, მისასალმებელია და მათი სწორი არჩევანია.

– რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, სანამ სამოქალაქო განათლების საგანზე შეაჩერებენ არჩევანს?

– უმთავრესი რჩევაა, რომ მოიძიონ ინფორმაცია თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელს აქვს არჩეული სამოქალაქო განათლება დამატებით საგნად. ტარდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები ამ საგანში, რადგან მოგეხსენებათ, 2021 წელს სწორედ იმის გამო, რომ უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან არ იქნა არჩეული აღნიშნული საგანი, არ ჩატარდა გამოცდა, რამაც აბიტურიენტებში სრულიად დამსახურებული უკმაყოფილების განცდა გამოიწვია. ასევე ვურჩევდი, გადახედონ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს და გაეცნონ ტესტს, რათა შეექმნათ გარკვეული წარმოდგენები.

– გვესაუბრეთ ტესტის სტრუქტურაზეც, გამოცდაზე რაიმე სახის ცვლილება ხომ არ დახვდებათ?

– სამოქალაქო განათლების ტესტი შედგება სხვადასხვა ტიპის დავალებებისგან. როგორიცაა: შესაბამისობის დადგენა, რუკა, დიაგრამა, ილუსტრაცია, პროექტი, წყაროები, არგუმენტირებული მსჯელობა. აღნიშნული ტესტის მაქსიმალური ქულაა 60 და ბარიერი გადალახულად ჩაითვლება თუ აბიტურიენტი დაწესებულიდან 25%-ზე მეტ ქულას აიღებს. რაც შეეხება სიახლეებს, ამ ეტაპზე სიახლეები არ გვაქვს, თუმცა ყველამ თვალი უნდა ვადევნოთ, რადგან შესაძლოა, იგეგმებოდეს ცვლილებებიც და არ უნდა გამოგვრჩეს.

– ნატო, ახლა კი შეგიძლიათ მისცეთ კონკრეტული რეკომენდაციები ჩვენს მკითხველ აბიტურიენტებს. როგორ იმეცადინონ და მოემზადონ სამოქალაქო განათლების საგანში?

„ჩემს ინსტრუქციას შემდეგ პუნქტებად გაგაცნობთ:

  1. იმისათვის, რომ მოვემზადოთ სამოქალაქო განათლების გამოცდისათვის, მნიშვნელოვანია ყოველდღიური, სისტემატური მეცადინეობა პროგრამის შესაბამისად, ჩემი რეკომენდაციით, დღეში, მინიმუმ 40-წუთიანი მეცადინეობა;
  2. აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა და სუსტი მხარეების გამოკვეთა. ამისთვის კი უნდა გაეცნოთ ტესტს. თუ მეტ დამატებით მასალას იკითხავთ და სკოლის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოსაც, რა თქმა უნდა, მარტივად დაძლევთ ამ სირთულეს;
  3. სამოტივაციო ვიდეოების ყურება მნიშვნელოვანია, რომ სიზარმაცემ არ შემოგვიტიოს და ასევე, აბიტურიენტებს ვურჩევ, უყურონ თემატურ ფილმებს, რომელიც ეხება სამოქალაქოს საკითხებს, ტოლერანტობას, ადამიანის უფლებებს, სახელმწიფო მმართველობის სისტემებს, ტრადიციებს… საკითხები მრავალფეროვანი გვაქვს;
  4. აუცილებელია, აბიტურიენტმა დაამუშავოს გასული წლის ტესტები, ეს მას დაეხმარება დავალების უკეთ შესრულებაში და როგორც უკვე აღვნიშნე, გამოკვეთენ საკუთარ უპირატესობასა და სისუსტეებს. ტესტთან მუშაობის დროს, დაინიშნეთ დროც და გამოიყენეთ ე.წ წამზომი, რომ იცოდეთ, რა დრო გჭირდებათ თითოეული დავალების შესრულებისთვის;
  5. მოსწავლემ წინასწარ უნდა მოინიშნოს მნიშვნელოვანი თარიღები, მოვლენები, სქემები რომელიც ერთგვარად დაეხმარება იმაში, რომ მოკლე დროში გადაიმეოროს ნასწავლი მასალა, აუცილებლად გააკეთეთ ე.წ ჩანაწერების წიგნაკი;
  6. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ საგნის მასწავლებელს, რომ რომელიმე საკითხი ბუნდოვანი არ დარჩეს და სრულყოფილად გაიარეთ ყველა თემა, არ გადახვიდეთ შემდეგზე თუ არ იცით წინა;
  7. სამოქალაქო განათლების საკითხებზე არსებობს ვიდეო მასალა, რომლის გაცნობაც სახალისოა, შეგვიძლია ამისათვის გამოყოთ ყოველდღიურად 30 წუთი, რომ მეტად განამტკიცოთ ცოდნა, ამ ვიდეომასალას სკოლის პედაგოგიც მოგაწვდით;
  8. თუ არ გყავთ რეპეტიტორი, შეიძინეთ უახლესი სახელმძღვანელო, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებისთვის არის განკუთვნილია. ამობეჭდეთ საგამოცდო პროგრამა და აწარმოეთ კონსპექტები, რასაკვირველია იმის პარალელურად, რაზეც წინა პუნქტებში უკვე ვისაუბრე.

ასევე იხილეთ:

„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური