GE

თამბაქოს მოხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაშვები ხდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარება დასაშვები ხდება მთელ რიგ დაწესებულებებში, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიებზე.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი აკრძალვების გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების ტერიტორიებზე, სადაც მაღალი ემოციური ფონია, განსაზღვრულ ადგილებზე მოწევა დასაშვები უნდა იყოს.

„ღია ტერიტორიებზე, სამედიცინო დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შესაბამისად მოწყობილ ადგილებზე, ვუშვებთ მოწევას, იმიტომ, რომ ეს იწვევდა ძალიან დიდ სოციალურ დაძაბულობას, როდესაც ეზოში იკრძალებოდა მოწევა“,- აღნიშნავს ზოიძე.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური კი EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, რომ სივრცე, სადაც მოწევა იქნება დასაშვები, თავად უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ უნდა განსაზღვროს.

„მოწევა დასაშვები იქნება არაუმეტეს სამი ადგილისა, რასაც თვითონ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს – შენობაში, ან მის გარეთ ეზოში. როგორც ვიცი, მოსაწევი ადგილი 20 კვადრატულ მეტრ ფართობს არ უნდა აღემატებოდეს და თუ ეს ადგილი შენობაში განთავსდება, ღია სივრცეში უნდა იყოს, აუცილებლად, მაგალითად, – აივანზე.  მოწევა დასაშვები იქნება შენობის ან ეზოს იმ ნაწილში, რომელსაც ადმინისტრაცია გამოყოფს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე თქმით, ცვლილებები, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში შევა ძალაში.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური