GE

თანატოლებს ვურჩევდი, რომ ციფრული მოწყობილობები ცოდნის მიღებისა და შემეცნებისკენ მიმართონ – მოსწავლე ბაისუბნიდან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

სანდრო შუბითიძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა და ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში.

– როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგიებითა და მომავლის პროფესიებით?

– პროგრამირებით და ზოგადად ტექნოლოგიებით დავინტერესდი 14 წლის ასაკში.

– რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?

– მოცემულ კურსში მონაწილეობამდე წლინახევრით ადრე დავიწყე პროგრამირების შესწავლა. აქედან გამომდინარე გარკვეული გამოცდილება მქონდა javascript, java, c++ პროგრამირების და html/css ჰიპერტექსტური მარკირების ენებში.

– საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ?

– საკვირაო სკოლის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყე.

– რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?

– კურსის განმავლობაში შევისწავლეთ ერთ-ერთი პროგრამირების ენის C#-ის საფუძვლები.

– რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?

– კურსის სილაბუსის გაცნობისთანავე მივხვდი, რომ მიღებული ცოდნა დამეხმარებოდა როგორც ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში, ასევე კარიერულ წინსვლაში. თამამად შემიძლია იმის თქმაც, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა.

– რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?

– ჩემი ფინალური პროექტი არის ლოტო. მოთამაშე ირჩევს რიცხვებს და თუ ისინი დაემთხვევა პროგრამული კოდის მიერ დაგენერირებულ რიცხვებს, ლოტოს პრინციპით მოიგებს გარკვეულ თანხას.

– რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?

– მომავალში მიღებული ცოდნა დამეხმარება პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში. ჩემი ერთ-ერთი მიზანია ჩამოვყალიბდე fullstack დეველოპერად. C#-ის ცოდნა კი დამეხმარება back-end მიმართულებით განვითარებაში.

– რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნეში?

– ნებისმიერი ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ XXI საუკუნე ტექნოლოგიური პროგრესის ხანად მიიჩნევა. ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის სკოლებში პროგრამირება ერთ-ერთი მთავარი საგანია. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ მოცემული სფერო უფრო და უფრო მეტად განვითარდება. თანატოლებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტად შემოიტანონ ყოველდღიურ ცხოვრებაში ციფრული მოწყობილობები, მაგრამ გაითვალისწინონ ისიც, რომ მათი გამოყენება ცოდნის მიღებისა და შემეცნებისკენ მიმართონ. ხოლო კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ პროგრამირების შესწავლას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური