GE

თავი I – რამდენად სამართლიანია აბიტურიენტების პრეტენზიები გამსწორებლებთან?

გამოცდის შედეგით უკმაყოფილო აბიტურიენტი, ხშირად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლების მუშაობით არის უკმაყოფილო. ზოგჯერ, ნამდვილად ძალიან საწყენია, როდესაც საკუთარი ნაშრომის შეფასებაში გამსწორებლის აშკარა შეცდომას ხედავ. ეს ემოციური მხარეა, პრაქტიკაში კი, ყველა აბიტურიენტს საჩივრის შეტანა და თავისი სიმართლის დამტკიცება შეუძლია.

რამდენად სამართლიანი იყო აბიტურიენტების პრეტენზიები? EDU.ARIS.GE-მ 2022 წლის ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გააანალიზა და წინა წლის შედეგებთან შეადარა.

აბიტურიენტებმა 2022 წელს 4881 ნაშრომი გაასაჩივრეს, ეს მთელი ნაშრომების 4.17%-ია. ანუ წელს ყოველი 24-ე ნაშრომი გასაჩივრდა. წინა წელთან შედარებით, გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა მომატებულია – 2021 წელს ყოველი 33-ე ნაშრომი იყო გასაჩივრებული.

2022 წელს შეტანილი საჩივრების 30.98% დაკმაყოფილდა, ანუ წელს, უხეშად, 3-დან ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით შემცირდა, 2021 წელს 5-დან 2 საჩივარი იყო დაკმაყოფილებული (42.77%).

ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელთა კვალიფიკაცია გაიზარდა? შესაძლოა, ასეც არის. ან გამსწორებლები უკეთესად გაუმკლავდნენ ნაკლებად რთულ დავალებებს? – ამას არავინ გვიდასტურებს. ალბათ, საქმე მაინც საკუთარ ძალებში მეტად და გამსწორებლების ძალებში ნაკლებად დარწმუნებული აბიტურიენტების მომატებულ რიცხვშია.

გამსწორებლებმა ივარგეს. 2022 წლის აპელაციის შედეგად, ყველაზე მეტი, 7 ქულა, ტრადიციულად, ქართული ენისა და ლიტერატურის ორ ნამუშევარს მოემატა. აქედან ერთი აბიტურიენტი, მომატების მიუხედავად, მაინც უნივერსიტეტის მიღმა დარჩა… შარშან, აპელაციის შედეგად, ერთ აბიტურიენტს 21 ქულა მოემატა.

2022 წელს, 34 ნამუშევრის აპელაცია დაკლებული ქულებით დასრულდა. 3 ქულა ქართული ენისა და ლიტერატურის ნამუშევარს მოაკლდა. აბიტურიენტი კი სტუდენტი ვერ გახდა. 2021 წელს, გასაჩივრების შედეგად, ქულების დაკლება არ ფიქსირდებოდა (ასეც ხდება?).

EDU.ARIS.GE აბიტურიენტებზე და გამსწორებლებზე თემის გაგრძელებას გეგმავს.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური