GE

თავი II – რომელი საგნის ნაშრომების შემოწმება უჭირთ „ნაეკის“ გამსწორებლებს ყველაზე მეტად?

EDU.ARIS.GE აგრძელებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლების თემის განხილვას და ამჯერად ასეთ საკითხს შევეხებით – რომელი საგნის ნაშრომების შემოწმება უჭირთ „ნაეკის“ გამსწორებლებს ყველაზე მეტად?

აბიტურიენტო, გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

თუ იფიქრეთ, რომ ყველაზე ცუდი შედეგი გამსწორებლებს ისტორიის საგანში აქვთ – ვერ გამოიცანით. ტრადიციულად, გამსწორებლებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაშრომების შემოწმება უჭირთ.

„აუ, რატოომ?“ აპელაციის შედეგებს თუ გადავხედავთ, 2022 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში 960 ნამუშევრის შედეგი გასაჩივრდა და აქედან 49.48%, ანუ ნახევარი დაკმაყოფილდა! ეს კატასტროფაა? თუ შარშანდელ შედეგებს შევადარებთ – არა, გამარჯვებაა, რადგან 2021 წელს 1130 შემოსული საჩივრიდან 76% დაკმაყოფილდა.

2022 წელს რომელ საგანში მოემატა აბიტურიენტს ყველაზე მეტი ქულა აპელაციის შედეგად?

გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჩივარი წელს ისტორიის საგანში შემოვიდა – ფორმალურად ეს ასეც არის, ისტორიაში 2022 წელს 1408 (6.85%!) ნამუშევრის შედეგი გასაჩივრდა. შარშანდელთან შედარებით, პროცენტულად ლამის ორჯერ მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა თავისი შედეგი და ეს ბევრისთვის გამართლებული არ აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ 21.16%, ანუ, მხოლოდ ყოველი მეხუთე საჩივარი დაკმაყოფილდა. ისტორიის გამსწორებლებს შარშანდელთან გაუმჯობესებული და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი აქვთ. დიახ, შესაძლოა, ისტორია შესამოწმებლად ყველაზე რთული საგანი არ არის, მაგრამ ასეთი შედეგი მისასალმებელია.

საჩივრების ყველაზე დიდი რაოდენობა კი ჯამურად უცხოური ენების (1437) გამოცდების შედეგებზე შემოვიდა. ამის მიზეზი, შესაძლოა, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიმართ უნდობლობა იყო – წელს „ნაეკ“-მა ინგლისური ენის პირველი ვარიანტის შეფასების სქემაში, უკვე პირველადი ქულების გამოცხადების შემდეგ შეცდომა აღმოაჩინა. გამოცდების ცენტრმა აბიტურიენტებს ბოდიში ღირსეულად მოუხადა და შეცდომა ერთ დღეში გამოასწორა.
ამ ინციდენტთან ერთად, შარშანდელთან შედარებით, 2022 წელს 5%-ით გაუარესდა ინგლისური ენის შემოწმების ხარისხიც. წელს, ინგლისურ ენაში აპელაციის შედეგად უკვე ნამუშევრების 41.59% დაკმაყოფილდა. დროა, რომ ვინმე აგოს პასუხი, თუ.. ჯერ არა?

რაც შეეხება მათემატიკას, შარშან და წელსაც, ტრადიციულად და უცვლელად საჩივრების მხოლოდ 11% დაკმაყოფილდა (ყოველი მე-9 ნამუშევარი). სხვა საგნებში საჩივრების ოდენობა მასობრივად ჩაბარებულ საგნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია, ამიტომ, მათი განხილვისგან შეგნებულად თავს შევიკავებთ.

EDU.ARIS.GE აბიტურიენტებზე და გამსწორებლებზე თემის გაგრძელებას გეგმავს.

ამავე თემაზე:

თავი I – რამდენად სამართლიანია აბიტურიენტების პრეტენზიები გამსწორებლებთან?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm