GE
თავსატეხად ქცეული პირველკლასელის დისტანციური გაკვეთილები

პოდკასტი განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად EDU.ARIS.GE-ზე – მესამე ეპიზოდი პირველკლასელების ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და იმ სერიოზულ გაურკვევლობას ეხება, რომელიც მასწავლებლებს დისტანციურ გაკვეთილებთან სრულფასოვნად გამკლავებამ შეუქმნა.

ბევრი მასწავლებლი სვამს კითხვას: როგორ ასწავლოს პირველკლასელს დისტანციურად, მაგალითად, ანბანი? ან როგორ ჩართოს სასწავლო პროცესში ეკრანს მიღმა მყოფი 6 წლის ბავშვი, რომელმაც პირველად გაიგო, რა არის გაკვეთილი და რომ ადამიანი, რომელიც ვირტუალურად ესაუბრება მისი მასწავლებლია.

დაწყებითი კლასის დისტანციური გაკვეთილები არანაკლებ თავსატეხად იქცა მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით დასაქმებული მშობლებისთვის, რადგან საგაკვეთილო პროცესში ისინიც „მასწავლებლებად“ მოიაზრებიან და თან იმ უპირატესობით, რომ მათ პედაგოგისგან განსხვავებით, კონკრეტულ ბავშვთან უშუალო, ცოცხალი ურთიერთობის შესაძლებლობა აქვთ. საგაკვეთილო პროცესში, დაწყებითი კლასის მასწავლებლისთვის, ახლა მშობლის მხარდაჭერა უპირატესია.

პოდკასტის მესამე ეპიზოდში სწორედ ამ გამოწვევებზე ისაუბრებენ ჩემი სტუმრები: თბილისის მე-18 საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი ანი ბაბუნაშვილი და წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მეორე კლასის მასწავლებელი ნინო ლომიძე.

ნინო ლომიძე პოდკასტში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც გაზაფხულზე პირველკლასელებთან ონლაინსწავლებისას მიიღო.

„შედეგები მხოლოდ იმ მოსწავლეებთან მაქვს, რომლის მშობლებიც ჩემთან გულწრფელად თანამშრომლობდნენ. რესურსებიც გვაკლია, ინტერნეტსივრცეც არ არის ისეთი, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს, ძალიან ბევრი ხარვეზია… ხშირად ინტერნეტი, რომ ითიშება ბავშვები ტირიან. ეს ყველაზე მეტად დამთრგუნველია. ძალიან რთული პროცესია და ეს აუცილებლად აისახება ამ თაობის ბავშვებზე. ალბათ, შედეგებს ცოტა მოგვიანებით დავინახავთ“, – ამბობს ნინო.

ანი ბაბუნაშვილი კი, კოლეგისგან განსხვავებით, წელს დადგა იმ რეალობის პირისპირ, რომელიც, გარკვეულწილად, აშინებს კიდეც, რადგან ამბობს, რომ მისთვის ბუნდოვანია, როგორ წარმართავს წერის სწავლებას: „მეშინია, წერა არ გადაიქცეს მექანიკურ გადაწერა/გადახატვად“.

რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ დღეს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს და როგორია რესურსების ნაკლებობითა და ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტით გაჯერებული ქართული ვირტუალური სასწავლო გარემო, მოისმინეთ პოდკასტის სრულ ვერსიაში EDU.ARIS.GE-ზე.

პედაგოგების ინტერვიუმდე კი შემოგთავაზებთ პირველკლასელის მშობლის და განათლების სპეციალისტის ირინა სამოსონიას კომენტარებს იმის შესახებ, თუ რა სირთულეების პირისპირ დააყენა ბავშვი და მშობელი ონლაინ სწავლებამ.

„ჩემი შვილი წელს პირველ კლასში წავიდა… როდესაც წერის შესწავლას დავიწყებთ, სრულიად ბუნდოვანია ჩემთვის, რა შეიძლება გააკეთოს ყველაზე გამოცდილმა და კარგმა მასწავლებელმაც კი, რომ ეს პრობლემა გადაჭრას და ამ მიმართულებით სასურველ შედეგს მიაღწიოს“. ფიქრობს, ისე როგორც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, სკოლები მაინც გახსნა, ჩვენც უნდა გადავიხაროთ ნორმალური სასწავლო პროცესის განახლებისკენ. „გასაგებია, რომ ეს დიდი რისკია და შესაძლებელია შემდეგ უკანაც წავიღო ჩემი სიტყვები, მაგრამ, ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ ასეთი ფორმატით ე.წ. განათლების გაგრძელება განათლების სისტემის კოლაფსს გამოიწვევს და მალე გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს“.

„მე როგორც მშობელი ვისურვებდი მეტ მორალურ მხარდაჭერას ყველასგან. ეს არის განათლების დროებითი კრახი და ფაქტია, რომ მიახლოებულიც კი არ არის იმასთან, რაც უნდა იყოს… ცოდნა ყველა შემთხვევაში იქნება ფრაგმენტული.“ თუ რატომ ვერ მოხდება სრულყოფილი ცოდნის აგება, ამის შესახებ შეიტყობთ მესამე ეპიზოდში – პოდკასტი განათლებაზე ლალი ჯელაძესთან ერთად EDU.ARIS.GE-ზე

მოუსმინეთ სრულ აუდიოვერსიას

=
მეორე ეპიზოდი
სქემა მასწავლებლის 360-გრადუსიან შეფასებას ააქტიურებს

პირველი ეპიზოდი
პანდემიის ნაკვალევი განათლებაში – გაღრმავებული უთანასწორობის ფონზე რეალობას აცდენილი საგანმანათლებლო მიზნები

aris.ge-adm