GE

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ბაგა-ბაღების დაფინანსების ზრდა დაგეგმილი არ არის

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პირველივე მთავრობის სხდომაზე განათლების სფეროზე საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშო ბაღების მასწავლებლებსაც.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საბავშვო ბაღების თანამშრომლების ანაზღაურების საკითხები თვითმმართველობების ბიუჯეტიდან რეგულირდება. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად აისახა პრემიერის დაპირება დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომლის აქტიური განხილვებიც საკრებულოში უკვე დაწყებულია.

საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ პროექტში ამ ეტაპზე ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი. „არაფერი არ ეზრდება ბაღებს იმ ბიუჯეტით, რაც ამ დრომდე წარმოადგინეს“- ამბობს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი. დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ანაზღაურების ზრდა მოხდება პრემიერის დაპირებისამებრ, მაგრამ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ციფრების და მონაცემები  არ აქვთ.

2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 7091 სკოლამდელი აღზრდის მუხლში დაფინანსების სახით განსაზღვრულია 144 668,9  ათასი ლარი, მიმდინარე 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენს 145 193,5 ათას ლარს, ხოლო 2018 წელს იყო –  121 343,8 ათასი ლარი.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის მუხლს, ამ ქვე პროგრამაში გათვალისწინებულია 24 627,1 ათასი ლარი, იგივე მუხლის დაფინანსება მიმდინარე წლის ბიუჯეტში არის 31 295,1 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს იყო 19 958,4 ათასი ლარი.

პროექტის თანახმად ჩანს, რომ ამ ეტაპზე სფეროს დაფინანსება შემცირებულია, თუმცა გამორიცხული არ არის, დამტკიცების ეტაპზე და შემდეგაც, ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანონ.

ბიუჯეტის პროექტში განმარტებულია, რომ  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვე პროგრამის მიზანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.

„რომელშიც იგულისხმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხავდასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა). ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ღონისძიებები“, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური