GE

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში, სადაც მცირეწლოვანი ჩუტყვავილას მძიმე შემთხვევით გარდაიცვალა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მცირეწლოვანს, სავარაუდოდ, დაავადების გართულებული ფორმა ჰქონდა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბაღის დირექტორის განცხადებით, ამავე ბაღში მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

მისივე თქმით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ბაღში კი სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.

მომხდარი ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ. დავით სერგეენკომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ჩუტყვავილა ადვილად გადამდები დაავადებაა და რეკომენდაციების გაცემა ამ დაავადებასთან დაკავშირებით თითქმის შეუძლებელია.

,,ბოლო წლებში მხოლოდ ეს ერთი შემთხვევაა, რომელიც ფატალურად დამთავრდა. სამწუხაროდ, ეს ძირითადად დამოკიდებულია ხოლმე რაიმე თანმხლებ ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ბავშვს.

ძალიან ძნელია ჩუტყვავილას დროს რაიმე რეკომენდაციის მიცემა, რადგან ადვილად გადამდები დაავადებაა, ჰაერის გზით გადადის. ერთადერთი ის არის, რომ თუ შევატყვეთ ბავშვს, რომ მძიმედ მიმდინარეობაა ჩუტყვავილასი, რაც ძალიან იშვიათია ექიმის ჩარევა რომ იყოს დროული,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

სკოლებსა და ბაღებში წითელას ეპიდემიის გამო აცრების კალენდარს ითხოვენ

წყარო: rustavi2.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური