GE

თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ჩაიშალა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებისთვის საკვებით მომარაგების ტენდერში განცხადება ერთმა კომპანიამ – „ეკოლუქსმა“ შეიტანა. საუბარია მარცხენა სანაპიროსთვის გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის ღირებულებაც 3 265 221 ლარია და რომელშიც განცხადებების მიღება 14-დან 16-აგვისტომდე პერიოდში მიმდინარეობდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადისტრიბუციო კომპანია „ეკოლუქსი“ 2013 წელს არის დარეგისტრირებული.

სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის ელექტრონული პროცედურისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩამტარებელმა კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტია, ტექნიკური დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის პირობებს. ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება სათანადო ობიექტური მიზეზები.

მეორე ლოტზე, რომელიც მარჯვენა სანაპიროს ბაღების მომარაგებას ითვალისწინებს, არც ერთი განაცხადი არ შესულა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მარჯვენა სანაპიროსთვის 17 002 058 ლარია, მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში კი, 43 265 221 ლარი.

პრეტენდენტს მოეთხოვება, ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს.

ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.

მიმდინარე წლის 20 მაისს, ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერიამ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2018 წელს, ერთი წლის განმავლობაში, ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერის ღირებულება 34 მილიონ ლარს შეადგენდა.

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თავად ახორციელებდნენ. 27 მაისიდან კი, მერიამ აღნიშნული სერვისის მიმწოდებლად, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კომპანია „მზიური“ შეარჩია.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური